03:53 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საეკლესიო კალენდარი (198)
22620

უცნობია, თუ ზუსტად როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, მაგრამ ვარაუდობენ, რომ იგი უკვე არსებობდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში.

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი — ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანა უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

მიძინება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა, ანუ მარიამობა ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული დღესასწაულია.

საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ამის დასამოწმებლად კი სამოთხეში დარგული ფინიკის ხის ტოტი გადასცა, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა. იგი მის საფლავთან უნდა მიეტანათ.  

ღვთისმშობლისა და წმინდა ნინოს ხატები
© photo: Sputnik /
ღვთისმშობლისა და წმინდა ნინოს ხატები

ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. მარიამი სახელებით უხმობდა ყველას, ქებას ასხამდა მათ სარწმუნოებას და აკურთხებდა. შემდეგ წმიდა დედა იაკობ მღვდელმთავრის ხელით ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. უფალმა ასევე ისმინა ღვთისმშობლის თხოვნა, რომ არ ეხილა ჯოჯოხეთის საშინელებები და ღვთისმშობლის სული ცათა სასუფეველში თავად უფლის ხელით ავიდა.

ქრისტეს მოწაფეებმა ღამე ლოცვაში გაათიეს, პარასკევ დილით კი ღვთისმშობლის ნეშტი სიონიდან გეთსიმანიის ქვაბულში გადაასვენეს და აკლდამაში დაკრძალეს. გამოქვაბულის შესასვლელი ქვით დაფარეს. დაკრძალვის შემდეგ ამ ადგილს კარგა ხანს არ მოშორებიან: სამი დღის განმავლობაში აქ ლოცვასა და საგალობელს აღავლენდნენ.

როგორ განკურნა სასწაულმოქმედ ხატად ქცეულმა „მოალერსეს“ ასლმა ქართველი გოგონა>>>

ამ პროცესს თომა მოციქული არ ესწრებოდა. იგი სწორედ კვირა ღამეს მივიდა გეთსიმანიაში და, ღვთისმშობლის გარდაცვალებით შეწუხებულმა, ითხოვა საფლავი გაეხსნათ, რათა წმიდა ნეშტისთვის თაყვანი ეცა. მოციქულებმა მისთვის ქვაბულის ლოდი გადააგორეს, მაგრამ აკლდამა ცარიელი დახვდათ: ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს. აკლდამაში მხოლოდ სუდარები დარჩენილიყო და მათგან გამოუთქმელი სურნელება გამოდიოდა. მოციქულები ღვთისმოსაობით ეამბორებოდნენ საფლავში დარჩენილ მანტიას და ევედრებოდნენ უფალს ამ დიდებული სასწაულის საიდუმლო გამოეცხადებინა მათთვის.  

ღვთისმშობლის ხატის ხელთუქმნელი გამოსახულება
photo: courtesy of Irma Lezhava
ღვთისმშობლის ხატის ხელთუქმნელი გამოსახულება

იმავე საღამოს მოციქულებმა ცის სივრცეში ყოვლადწმინდა ქალწული იხილეს. მან, ზეციური ძალებით გარშემორტყმულმა და გამოუთქმელი დიდებით გაბრწყინებულმა, მიმართა ქრისტეს მოწაფეებს: „გიხაროდენ, მე თქუენ თანა ვარ ყოველსა ჟამსა“. გახარებულმა მოციქულებმა და იქ მყოფმა მორწმუნეებმა ერთად შესძახეს: „ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიენ ჩვენ“. ამგვარად, წმინდა მოციქულები დარწმუნდნენ და მთელ ეკლესიას გადასცეს რწმენა იმისა, რომ დედა ღვთისა თავისმა ძემ და ღმერთმა მესამე დღეს მკვდრეთით აღადგინა და ხორცით აღამაღლა ზეცაში.

მოციქულებმა მწუხარეთა ნუგეშინის საცემად და იქ არმყოფთა დასარწმუნებლად საფლავში დარჩენილი მანტია აიღეს, იერუსალიმში დაბრუნდნენ და ძალიან მალე სახარების საქადაგებლად ქვეყნიერების სხვადასხვა მხარეში კვლავ გამოჩნდნენ.

არსებობს რამდენიმე მოსაზრება, მაგრამ მათგან ყველაზე სარწმუნოა, რომ ღვთისმშობელმა იცოცხლა 72 წელი და გარდაიცვალა დაახლოებით ქრისტეს დაბადებიდან 57 წელს, როგორც ამას ეპიფანე კვიპრელი და გიორგი კედრენე გადმოგვცემენ. მათ ეთანხმებიან წმ. ანდრია კრიტელი და სიმეონ მეტაფრასი, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ მარიამმა სიბერემდე იცოცხლა.

უცნობია, თუ ზუსტად როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, მაგრამ ვარაუდობენ, რომ იგი უკვე არსებობდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში.

მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღვის.

თემები:
საეკლესიო კალენდარი (198)

მთავარი თემები