23:40 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1810)
525 0 0

ეპიდემიის დაწყებიდან საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა სულ 1411 ადამიანს, ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1132 ადამიანი

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული 17 ახალი შემთხვევიდან 11 უკავშირდება „ლენჯერის კლასტერს“, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

კიდევ ერთი ინფიცირებული არის უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ხუთი - იმპორტირებულია. მათგან სამი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია.

„11 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს და ლენჯერის კლასტერს, მაგრამ 11-დან ადგილზე მხოლოდ შვიდია დადგენილი, დანარჩენი სვანეთს გარეთ კონტაქტებია. ასევე, 17-დან ერთი ადრე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, დანარჩენი ხუთი არის იმპორტირებული შემთხვევა. ყველას წყარო ცნობილია. იმპორტირებულებიდან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება მესტიის მუნიციპალიტეტს, იქ კორონავირუსზე ტესტირება გრძელდება. პირები, რომლებსაც კორონავირუსი დღეს დაუდგინდა, მანამდე იზოლაციაში იმყოფებოდნენ, განაცხადა მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

„დღეს ისევ ვმუშაობთ ლენჯერის თემში. გვინდა, მაქსიმალურად მოვიცვათ მოსახლეობა. მესტიაში დაგვრჩა ერთი ოჯახი, რომელიც დღეს გაიტესტება. დაბა მესტიაში, სხვა ოჯახებში, რომლებიც კონტაქტები იყვნენ, განმეორებითი ტესტირების დროს არც ერთი შემთხვევა არ აღმოჩნდა. თვითონ ის პირები, რომლებსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და მათ კონტაქტები არ ჰყავთ. სახლებში იყვნენ, პროდუქტებს და ყველა საჭირო ნივთს, ჩვენ თავად ვაწვდიდით“, – აღნიშნა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

მაღალი ეპიდემიური რისკის გამო 10 აგვისტოს შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, მესტიისა და ლენჯერის გარდა, 21 აგვისტოდან გაიხსნა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1411-მდე გაიზარდა. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1132 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6848, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 269 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო 31 მარტს - საყოველთაო კარანტინი.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (1810)

მთავარი თემები