სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟი ქრისტინე ქალთევზაშვილი მდიდარი ბიზნესმენის შვილია, მის როლს ახალგაზრდა მსახიობი ანა ჯავახიშვილი ასრულებს. ანა პროფესიით მსახიობია და, როგორც აღმოჩნდა, სამჯერ იყო სერიალის კასტინგზე, მაგრამ როლი ვერც ერთხელ ვერ მოარგეს.
თუმცა, წარუმატებელი მცდელობების შემდეგ ანას, როგორც იქნა, როლი დაუმტკიცეს. მსახიობი რეალურ ცხოვრებაში თავისი პერსონაჟისგან სრულიად განსხვავებული ტიპაჟია, ის სკეპტიკურადაა განწყობილი სპონტანური გადაწყვეტილებების, თავგადასავლების მოყვარული ქრისტინესა და სანის მიმართ. ანას შეყვარებულიც მსახიობია და ისინი ამერიკაში ერთად წასვლას გეგმავენ. ჯავახიშვილის რჩეული მსახიობი ლუკა თარხან-მოურავია. როგორც სხვადასხვა ინტერვიუებში ამბობს, მათი სიყვარული თეატრალურ უნივერსიტეტში მეგობრობით დაიწყო და უკვე ოთხ წელზე მეტს ითვლის.
მსახიობი ლუკა თარხან-მოურავი ქართველმა მაყურებელმა სერიალ „ქერჩიდან“ გაიცნო. შემდეგ იყო „ჰეროკრატია“ და უამრავი პატარ-პატარა პროექტი, რამაც ლუკას დიდი პოპულარობა მოუტანა.
მისი პოპულარობა ქვეყნის საზღვრებსაც გასცდა. ლუკას დებიუტი შედგა კინოკომპანია Warner Brothers-ის პროექტში The Search, რომელიც ფრანგმა რეჟისორმა მიშელ ჰაზანავიჩუსმა საქართველოში გადაიღო. ასევე მონაწილება აქვს მიღებული ორ რუსულ სერიალში. ახლო მომავალში აშშ-ში გამგზავრებას გეგმავს, თუმცა საქართველოდან სამუდამოდ წასვლას არ ფიქრობს. ამბობს, რომ სამშობლოშიც ბევრი გეგმა აქვს.