04:13 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (218)
53301

რეგისტრაციის ვებგვერდი დილიდან შეფერხებით მუშაობდა, შუადღისთვის კი საერთოდ გაითიშა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ფულადი დახმარების სწრაფად მიღების მსურველი ძალიან ბევრია

თბილისი, 15 აგვისტო  — Sputnik. საქართველოში 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მიღების მსურველებმა სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია ვერ მოახერხეს - მშობელთა გაზრდილი ნაკადის გამო პლატფორმის მუშაობა შეფერხდა, იუწყებიან ჯანდაცვის სამინისტროში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 6 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოსახლეობის დახმარების ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც 18 წელს ქვემოთ ასაკის ყველა მოზარდი სახელმწიფოსგან 200 ლარის ფარგლებში ერთჯერად დახმარებას მიიღებს. გახარიას თქმით, დღეისათვის საქართველოში 18 წლამდე ასაკის დაახლოებით 880 ათასი მოზარდია. შაბათს ვებგვერდზე daxmareba.moh.gov.ge დაიწყო რეგისტრაცია დახმარების მისაღებად. თუმცა რეგისტრაციის გავლის მსურველები პრობლემას გადააწყდნენ - ვებგვერდი არ მუშაობდა.

„ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის ერთდროულად დარეგისტრირებითაა განპირობებული“, - განმარტეს ჯანდაცვის სამინისტროში და ბოდიში მოიხადეს.

ამავე დროს უწყებამ დაამშვიდა მშობლები და განმარტა, რომ რეგისტრაცია 1 დეკემბრამდე გაგრძელდება და დახმარების მიღებას ყველა მსურველი მოასწრებს.

მშობელმა ელექტრონულ პორტალზე შემდეგი სახის ინფორმაცია უნდა განათავსოს:

  • ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი)
  • საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნება.

ამ ეტაპების გავლის შემდეგ სისტემა დაარეგისტრირებს განაცხადს. ერთ ბავშვზე დახმარების ოდენობა 200 ლარს შეადგენს.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (218)

მთავარი თემები