თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ-ცენტრებში მყოფი შვიდი პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, 17 პაციენტის კი – მძიმე, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5-ით გაიზარდა და 1283-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1068 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7635, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 334 პაციენტია.
ეზუგბაიას განცხადებით, დღეისათვის კოვიდ-ცენტრებში 198 პაციენტი მკურნალობს.
„მათგან შვიდი კვლავ კრიტიკული რჩება, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია და დინამიკაში გაუარესება არ შეინიშნება. 17 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა. მათი მდგომარეობაც სტაბილურია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო არის სვანეთის სოფელი ლენჯერი. ერთის წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო ორი შემოტანილია. მათგან ერთი-ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
გარდაბანში ქალს ერთდროულად ციმბირული წყლული და კორონავირუსი დაუდასტურდა>>
გამოჯანმრთელებული პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი 83%, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი – 1,33%-ია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა.