თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. დღეს მესტიაში მეტი მობილიზება მოხდება და კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება დაიწყება, განაცხადა რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარი: მესტიაში ყველაზე ცხელი წერტილი ლენჯერია>>
რამდენიმე დღის წინ სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ინფიცირებულების გამოსავლენად რეგიონში ეპიდემიოლოგები გაგზავნა.
სუბარის განცხადებით, მესტიის პარალელურად ეპიდემიოლოგები სვანეთის სხვა დასახლებებშიც მუშაობენ.
„პარალელურად რამდენიმე სოფელში არიან ეპიდემიოლოგები. რაც შეეხება ტურისტების საკარანტინო ზონებში გადაყვანას, ეს პროცესი გრძელდება. სხვადასხვა სოფლიდან ჩამოგვყავს ტურისტები მესტიაში, ხოლო აქედან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გადაჰყავს საკარანტინო ზონებში“, – განაცხადა სუბარმა.
როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, სვანეთში სამშაბათს აღებული 600 ტესტიდან კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. ორივე პირი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში ცხოვრობს. სუბარის თქმით, მათი ყველა კონტაქტის გამოკვლევა უკვე განხორციელდა.
სვანეთში ჩატარებული 600 ტესტის შედეგი ცნობილია - რამდენს გამოუვლინდა ინფექცია>>
დაავადებათა კონტროლის ცენტრი სვანეთში 4 ათასამდე მცხოვრების ტესტირებას გეგმავს, შემდეგ კი სამოქმედო გეგმა დაისახება.
მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 9 511 ადამიანს შეადგენდა. მუნიციპალიტეტში 132 დასახლებული პუნქტია, მათ შორის ქალაქის ტიპის ერთი დასახლება – მესტია.