განათლების ახალი სტანდარტი:ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მზადაა სტუდენტების მისაღებად

© Government of Georgiaქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წელს განაცხადი 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გააკეთა.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ეწვია, სადაც ძირითადი სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია და სასწავლო დაწესებულება მზადაა პირველი სტუდენტების მისაღებად.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქუთაისის მახლობლად, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში, 153 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სპორტულ და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

პირველკურსელებს ელის თანამედროვე საცხოვრებელი, სტუდიური ტიპის ოთახები ავტონომიური გათბობისა და გაგრილების სისტემით, სააბაზანო ოთახით, საძინებლით, სრულად მოწყობილი სამზარეულოთი და სასწავლო სივრცით. ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ყველა საჭირო ინვენტარითა და უწყვეტი ინტერნეტით.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აკადემიური პროგრამები შემუშავებულია სწორედ მიუნხენის უნივერსიტეტის პროგრამების საფუძველზე.

„რაც ჩვენ ვნახეთ, არის უაღრესად შთამბეჭდავი. ეს არის მაგალითი, როგორ შეიძლება ცალკე აღებულ საგანმანათლებლო დარგს სისტემურად მიუდგე. მე ძალიან კარგად მახსოვს, რა ხდებოდა აქ. აქ იყო ჭაობი და რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, უაღრესად შთამბეჭდავია. ემოციებს რომ თავი დავანებოთ, დღეის მდგომარეობით ეს არის ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე აუცილებელი პროექტი“, – განაცხადა გახარიამ.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედი განათლებაზე დაიხარჯება

მან ხაზი გაუსვა იმ როლს, რომლის შესრულებაც შეუძლია ახალ უნივერსიტეტს ქვეყნისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებაში.

„ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ მარტო ნიჭი გლობალურ თანამედროვეობაში უკვე საკმარისი აღარ არის. ამ ნიჭს სჭირდება მაღალტექნოლოგიური საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჩვენ აქ ვხედავთ. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ხვალინდელ გლობალურ კონკურენციას ჩვენმა შვილებმა და ბავშვებმა გაუძლონ. ის განათლება რომელიც აქ უნდა მიიღონ, მათ მისცემს შესაძლებლობას, გლობალურად იყვნენ კონკურენტუნარიანები და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის. სხვანაირად ჩვენ რაც არ უნდა ვაკეთოთ, ქვეყნის შემდგომი წინსვლა და განვითარება იქნება ძალზე პრობლემური. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ განათლება არის ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასშტაბური პროექტი ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციის წყალობით განხორციელდა. პროექტში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა თითქმის მილიარდ ევროს შეადგენს.

„მოგეხსენებათ, რომ ეს არის დაახლოებით მილიარდ ევროზე ორიენტირებული ინვესტიცია, გარდა ამისა, ამას დაემატება კიდევ ადრონული კოლაიდერი, რომელიც დამატებით კიდევ 40 მლნ ევროს დაამატებს ამ ინვესტიციას და ის ადრონული კოლაიდერი შესძენს კიდევ ახალ, დამატებით ფუნქციას – ეს იქნება კიბოს მკურნალობის სამედიცინო ცენტრი და ასევე კვლევითი ცენტრი“, – აღნიშნა გახარიამ.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქვეყნის საკუთრება იქნება

მთავრობის მეთაურის სიტყვებით, ქუთაისი გახდება საუნივერსიტეტო ქალაქი და ეს მას დამატებით მიზიდულობას შესძენს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ახალგაზრდები და ბევრი უცხოელი სტუდენტი ისწავლის სულ მალე აქ. მოგეხსენებათ, ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშა ასევე გახლავთ ერთობლივი კურსები და პროგრამები მსოფლიოში წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებთან. ესეც, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანია, განათლების სისტემაში დამატებით კომპეტენციას, ცოდნას მოიტანს”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. უნივერსიტეტი მზადაა სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად მიმდინარე წლის შემოდგომაზე მათემატიკის, მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამებზე. უნივერსიტეტში აბიტურიენტები ჩაირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. უნივერსიტეტში ლექციებს, ქართველ პროფესორებთან ერთად, წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები როგორც აუდიტორიებში, ასევე ონლაინ რეჟიმის გამოყენებით. უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ სტუდენტებსაც.

საქართველოს განათლების სამინისტროს მონაცემებით, წელს ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლის სურვილი 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.

უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტის ფონდი, რომლის ფარგლებში დაფინანსდება სწავლის, სტუდენტური საცხოვრებლის გადასახადი და სტუდენტური სტიპენდია.

ყველა ახალი ამბავი
0