თბილისის შემდეგ რუსთავში: გაეროს განვითარების პროგრამამ მოხუცებულთა სახლს ტექნიკა გადასცა

გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან UNDP ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლაში ეხმარება და გვერდში უდგას.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ქალაქ რუსთავის მოხუცებულთა სახლს საჩუქრად სამედიცინო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა, ნათქვამია რუსთავის მერიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

UNDP-ს წარმომადგენლობამ საქართველოში ამ დღეებში ანალოგიური ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა თბილისის მოხუცებულთა სახლს.

საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და პროგრამის წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი რუსთავის მოხუცთა სახლს ესტუმრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან მზია გიორგობიანთან და რუსთავის მერთან ირაკლი ტაბაღუასთან ერთად.  

გომისმთა - Sputnik საქართველო
გაეროს განვითარების პროგრამა კურორტ გომისმთის განაშენიანების გეგმას დააფინანსებს

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ლუიზა ვინტონმა მოხუცთა სახლს სამედიცინო და საყოფაცხოვრებო აღჭურვილობა, მათ შორის ჟანგბადის კონცენტრატორი, მაცივრები, გაზქურა, სამზარეულოს სავენტილაციო სისტემა და მინი-ტრაქტორი გადასცა.

„კორონავირუსის პანდემია განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს უსახლკარო და მზრუნველობამოკლებული ადამიანებისთვის. ამ თვალსაზრისით თავშესაფრების არსებობა ნამდვილად მისასალმებელია. UNDP-ს მიზანია თავშესაფრების უსაფრთხოებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, პანდემიის შემდეგ კი გრძელვადიანი სისტემური გადაწყვეტილებების მოძიება მოწყვლადი მოსახლეობის დასახმარებლად“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივით, დანიის მთავრობისა და გაეროს პანდემიაზე რეაგირებისა და აღდგენის ფონდის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან UNDP ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლაში ეხმარება და გვერდში უდგას. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ორგანიზაციამ ცვლილებები შეიტანა მიმდინარე პროექტებში, რომელთა ჯამური ღირებულება წელიწადში 20 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0