რაჭაში სტიქიის ზონიდან 450-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

© photo: Racha is our love / FBწყალდიდობა რაჭაში
წყალდიდობა რაჭაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოკისპირული წვიმების შედეგად რაჭის რეგიონში კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარეებმა პრობლემები შექმნა. 12 სოფელი, სადაც 2 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა.

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. 29 ივლისიდან დღემდე წყალდიდობისგან დაზარალებული ონის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 447 ადამიანია ევაკუირებული, 21 ადგილობრივი კი საკუთარ სახლებში დაბრუნდა, ნათქვამია ონის მუნიციპალიტეტის Facebook-გვერდზე.

სოფლებში ხიდეშლები, გლოლა, მაჟიერეთი და ჭიორა, სადაც გზები ჩარეცხილია, ექიმები შეიყვანეს.

„წყალდიდობის შედეგად ელექტროენერგია 14 სოფელს შეუწყდა, ამ დროისათვის ელექტროენერგიის მიწოდება 10 სოფელში აღდგენილია და უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. დარჩენილ ოთხ სოფელში აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ ღებს დენი გენერატორის მეშვეობით საათობრივად მიეწოდება. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია სოფლებში ნაკიეთი, ფარავნები, გომი, ჯინჭვისი, ნიგავზები, საკაო, ლაგვანთა, მაჟიეთი, ბორცო, ხიდეშლები, ელექტროენერგიის გარეშე კი ამ დროისთვის დარჩენილია სოფლები გლოლა, შოვი, ჭიორა და ღები“, – ნათქვამია განცხადებაში. 

სტიქიის შედეგად 16 სოფელში საავტომობილო გზები იყო დაზიანებული. დღევანდელი მონაცემებით, 11 სოფელში გზა რეაბილიტირებულია.

წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაჭის რეგიონში შექმნილი ოპერატიული შტაბის მუშაობის შედეგად მოსახლეობას დაზარალებულ სოფლებში 670 სასურსათო კალათა და 1295 პური დაურიგდა. პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში მოძრავი მაღაზიების მეშვეობით ადგილობრივებს საჭირო პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები მიეწოდება.

კოკისპირულის წვიმების შედეგად რაჭის რეგიონში კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარეებმა პრობლემები შექმნა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა გზები, ონის რაიონის ინფრასტრუქტურა. 12 სოფელი, სადაც 2 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. 

ყველა ახალი ამბავი
0