ვითარება რაჭაში: მაშველები მოსახლეობის დახმარებას აგრძელებენ

© photo: Racha is our love / FBწყალდიდობა რაჭაში
წყალდიდობა რაჭაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რაჭაში გზების აღდგენის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება. უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა შვიდ სოფელთან, ხუთი სოფელი ჯერჯერობით სამანქანო გზის გარეშე რჩება.

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. მაშველებმა რაჭის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიორის 75 წლის მცხოვრებს მედიკამენტები ტყის მასივის გავლით, საფეხმავლო გზით მიუტანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

კოკისპირული წვიმების შედეგად რაჭის რეგიონში კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარეებმა პრობლემები შექმნა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა გზები, ონის რაიონის ინფრასტრუქტურა. 12 სოფელი, სადაც 2 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბისთვის დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ სოფელი ჭიორაში 75 წლის მამაკაცს ესაჭიროებოდა მედიკამენტები. უამინდობის გამო ვერ მოხერხდა იმ პრეპარატების ვერტმფრენით მიწოდება, რაც ხანდაზმულ მამაკაცს ექიმმა დაუნიშნა, ამიტომ სამაშველო ჯგუფებმა მას მედიკამენტები ტყის მასივის გავლით, საფეხმავლო გზით მიუტანეს.

„ადგილზე იმყოფება ექიმი, 75 წლის მამაკაცი თავს კარგად გრძნობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაჭაში გზების აღდგენის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება. უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა შვიდ სოფელთან, ხუთი სოფელი ჯერჯერობით სამანქანო გზის გარეშე რჩება.

ონის რაიონის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ჩიკვაიძის თქმით, მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების მიწოდება დროებით მოწყობილი ხიდების მეშვეობით ხორციელდება.

მთავრობის წინასწარი შეფასებით, რეგიონში წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად მთლიანობაში 150 მლნ ლარამდე იქნება საჭირო, გზების რემონტს კი მინიმუმ რამდენიმე თვე დასჭირდება.

ყველა ახალი ამბავი
0