თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. რამდენიმე დღის წინ დაკავებულ პირს, რომელიც პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა პოლიციისგან სამოქალაქო კლინიკაში გადაიბარეს, კორონავირუსი დაუდასტურდა, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 2020 წლის 28 ივლისს გლდანი-ნაძალადევის რაიონში დააკავეს. ის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან 29 ივლისს ტემპერატურის მომატების მიზეზით გადაიყვანეს ცხელების კლინიკაში.
„ბრალდებულისთვის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მყოფი ბრალდებული პოლიციის თანამშრომლებისაგან პირველ აგვისტოს ჩაიბარეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბრალდებულს იმავე დღეს ჩაუტარდა PCR–ტესტი, რომლითაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
უწყების ცნობით, ტესტის დადებითი პასუხის მიღებისთანავე, ესკორტის სამი ოფიცერი (და მათი ოჯახის წევრები), რომლებმაც ბრალდებული პირველ აგვისტოს ღამე პოლიციის თანამშრომლებისგან ჩაიბარეს, გადავიდნენ თვითიზოლაციაში და ჩაუტარდებათ PCR ტესტირება, რის შემდეგაც ისინი 21 დღეს თვითიზოლაციაში გაატარებენ. ბრალდებულის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, ტესტირება ჩაუტარდებათ ასევე ესკორტის სამ ოფიცერს, რომლებიც ამჟამად ბრალდებულთან ერთად იმყოფებიან და ისინიც 21 დღიან თვითიზოლაციაში გადავლენ.
პენიტენციური სამსახურის ცნობით, კოვიდინფიცირებული ბრალდებული პენიტენციურ სისტემაში არ მოხვედრილა და პენიტენციურ სისტემასთან არანაირი შეხება არ ჰქონია.