10:28 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (79)
1032 0 0

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. უკრაინელი ექსპერტის თქმით, შესაძლოა დაკარგვიდან ორი დღის მანძილზე ბიჭი ცოცხალი იყო.

გას თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისის ღამით გაუჩინარებიდან ორი დღის მანძილზე ცოცხალი იყო და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ვარაუდი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ უკრაინელმა ექსპერტმა გალინა კარმუშინამ გამოთქვა.

ექსპერტმა აღნიშნული ვარაუდის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას და გვამის დათვალიერების ოქმს გაეცნო.

ექსპერტი ფიქრობს, რომ შეუძლებელია შაქარაშვილი მდინარეში პოვნამდე 84 საათით ადრე გარდაცვლილიყო, რადგან შეუძლებელია გვამური გაშეშება ცხედარს 48 საათზე მეტხანს შეუნარჩუნდეს.

„ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმში ცალსახადაა დაწერილი, რომ ცხედარს გვამური გაშეშება აღენიშნება. ასევე სხეულზე გვამური ლაქები ორივე მხარეს არათანაბრადაა გამოხატული, რაც ნიშნავს, რომ მასზე მოხდა მანიპულაცია და ის რამდენჯერმე გადააბრუნეს. გარდაცვლილს უცვლიდნენ პოზიციას“, – აცხადებს ექსპერტი.

ექსპერტის თქმით, წყალში ფეხბურთელი, სავარაუდოდ, თავად ვერ აღმოჩნდებოდა, რადგან მანამდე მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული თავის არეში, რაც, სავარაუდოდ, კომატოზურ მდგომარეობას გამოიწვევდა, ამიტომ, დიდი ალბათობით, ის წყალში ჩააგდეს.

ამას გარდა, არსებული მასალების საფუძველზე ექსპერტს გამოაქვს დასკვნა, რომ წყალში დახრჩობის შემდეგ სხეული წყლიდან ამოიღეს და შემდეგ ხელმეორედ ჩააგდეს უკვე იმ ადგილზე, სადაც ის საბოლოოდ მაშველებმა იპოვეს.

18 ივნისს მცხეთის ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება იყო, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რომელსაც გიორგი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ახალგაზრდა გაერიდა. აგარაკზე დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ დასახმარებლად თბილისიდან მოიხმო მეგობრების ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით რამდენიმე მანქანით წავიდნენ.

სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე თბილისისკენ ფეხით მიმავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფი ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოახერხა. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას დაიკარგა.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სამი მუხლით მიმდინარეობდა: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, ნათქვამია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, თუმცა იქვე მითითებულია, რომ გარდაცვლილს ბლაგვი-მკვრივი საგნით სიცოცხლეშივე მიყენებული აქვს მრავლობითი დაზიანებები.

ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (79)

მთავარი თემები