თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის 55% მიიჩნევს, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შანსი დაბალია, 27% დარწმუნებულია - წამალი არსებობს, ხოლო 10% დაავადებას სასირცხვილოს უწოდებს, დაადგინეს სოციოლოგებმა.
კვლევა კორონავირუსის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის თაობაზე ერთკვირიანი ინტერვალებით 21 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით პერიოდში სამ ეტაპად ჩატარდა. მაშინ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პიკი იყო, ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში იმყოფებოდა. საქართველოს 11 რეგიონში ათასი ადამიანი ნახევარი საათის განმავლობაში საკმაოდ ბევრ კითხვას პასუხობდა.
საბოლოო ჯამში სოციოლოგებმა დაადგინეს, რომ:
- ოჯახების 23%-ს შეუმცირდა შემოსავალი, 65%-ს - არ შეცვლილა და გაეზარდა 3%-ს;
- კვლევის ყოველ მეხუთე მონაწილემ (21%) დაკარგა სამუშაო;
- ღარიბები კიდევ უფრო გაღარიბდნენ: განსაკუთრებით დაზარალდნენ ოჯახები, რომლებსაც აქვთ დაბალი ბიუჯეტი, 300-დან 500 ლარამდე თვეში;
- 90%-ზე მეტი აცხადებს, რომ იცავდა ყველა რეკომენდაციას: ისინი იჯდნენ სახლში, 20 წამის განმავლობაში იბანდნენ ხელებს, ცდილობდნენ არ შეხებოდნენ სახეს, იყენებდნენ ნიღბებს, დეზინფექტორებს და არ ავიწყდებათ მობილური ტელეფონის დეზინფექცია;
- ქალაქელები უფრო მეტი მონდომებით იცავდნენ სოციალურ დისტანციის რეკომენდაციებს, ვიდრე სოფლის მოსახლეობა, ხოლო ქალები უფრო მოწესრიგებულნი არიან ვიდრე კაცები;
- ასაკიან ადამიანებს უფრო მეტად ეშინიათ კორონავირუსის;
- 70%-ზე მეტს მიაჩნია, რომ აუცილებელია 112-ზე დარეკვა, როდესაც მათ ან ოჯახის წევრებს აქვთ ხველა, ცხელება, სუნთქვის პრობლემები;
- 85%-ზე მეტმა გამოკითხულმა ნდობა გამოუცხადა საავადმყოფოებს, ჯანდაცვის სამინისტროსა და კორონავირუსთან ბრძოლის უწყებათაშორის ცენტრს;
- 63% კარგად არის ინფორმირებული მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ, 15% - ცუდად. ამასთან გეგმას დადებითად აფასებს 53%, ხოლო 17% - უარყოფითად;
- რაც უფრო მეტად არის ინფორმირებული რესპონდენტი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ, მით უფრო დადებითად აფასებს მას;
- გამოკითხულთა 44%-ის თვალსაზრისით, ანტიკრიზისული გეგმა არის მაქსიმუმი, რაც ხელისუფლებას ამ ეტაპზე შეეძლო გაეკეთებინა;
- გამოკითხულთა 49% არ მიიჩნევს საკმარისად ექვსი თვის განმავლობაში 200 ლარიან ფინანსურ დახმარებას მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა. 55%-მა განაცხადა, რომ ერთჯერადი 300 ლარიანი შემწეობა არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ პანდემიის პერიოდს გაუძლოს;
- 50% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ანტიკრიზისული გეგმა ბევრ სოციალურად დაუცველ ადამიანს რეალური დახმარების გარეშე ტოვებს;
- დისტანციური სწავლების დაწყებით კმაყოფილია გამოკითხულთა ის 72%, ვისაც ოჯახში ჰყავს შვილები.
კვლევამ აჩვენა, რომ თავდაპირველად საქართველოს მოსახლეობას კორონავირუსი უფრო სახიფათო მიაჩნდა, მაგრამ თანდათან საფრთხის შეგრძნება შემცირდა. სპეციალისტებმა განმარტეს: ქვეყანამ თავიდან აიცილა აფეთქება, არ ყოფილა დაღუპულთა მასშტაბური რაოდენობა, რამაც შეცვალა მოსახლეობის დამოკიდებულება ვირუსის მიმართ.
შედეგად, კვლევის დასასრულს მნიშვნელოვნად შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც დამცავ მოქმედებებს მიმართავდნენ. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხებოდა სტუმრების მიღებაზე უარს და თანატოლებთან ურთიერთობის აკრძალვას ბავშვებისთვის.
ასევე, კვლევის მიმდინარეობისას იცვლებოდა ხალხის დამოკიდებულება მთავრობის მოქმედებების მიმართ. გამოკითხულთა უმეტესობა დაეთანხმა მოსაზრებას, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ზომები ადეკვატურია. თუმცა, გამოკითხვის მეორე და მესამე ეტაპზე კვლევამ აჩვენა ოდნავ განსხვავებული შედეგები - მთავრობის ზომების შეფასება აღარ იყო ასეთი მაღალი. ეს გამოწვეულია როგორც ეკონომიკური, ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორებით. ადამიანების აღქმაში დაინფიცირების საფრთხე შემცირდა და წინ წამოიწია სხვა პრობლემები - დასაქმება და კომუნიკაციის ნაკლებობა.
გამოკითხულთა თითქმის ყველა გამოკითხულმა გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ იციან, როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია.
კორონავირუსული ინფექციის პირველი შემთხვევა საქართველოში დაფიქსირდა 26 თებერვალს, ხოლო მარტში ხელისუფლებამ დაიწყო საგანგებო ზომების დაწესება, კომენდანტის საათისა და პირადი ტრანსპორტით სარგებლობის აკრძალვის ჩათვლით.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, 23 მაისს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.
პირველი შემთხვევიდან ხუთი თვის თავზე ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ოდნავ აჭარბებდა ათას ადამიანს.
კვლევა სახელწოდებით „მოსახლეობის ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევებისა და საჯარო ნდობის მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოში“ 11 რეგიონში ნახევარსაათიანი სატელეფონო ინტერვიუს სახით ჩატარდა.
სულ გამოიკითხა 1000 რესპონდენტი. პირველი ეტაპი ჩატარდა 21-22 აპრილს, მეორე - 29-30 აპრილს და მესამე - 14-25 მაისს.
კვლევა ჩატარდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროსა და საქართველოს ოფისის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ.