თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. მთავრობა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე მაქსიმუმ 261 000 ევროს დახარჯავს, აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.
„საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირება, ჯამურად არაუმეტეს 261 000 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით“, - წერია განკარგულებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, პანდემიის პერიოდში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით საქართველოში 12 720 თანამემამულე დაბრუნდა, ადგილებზე დახმარება კი 22 391 ადამიანს აღმოუჩინეს.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. პანდემიის პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, სპეცრეისებით თანამემამულეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნება უზრუნველყო. ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია Georgian Airways ახორციელებდა. ბილეთის ღირებულება, რომელიც რეისამდე ორი დღით ადრე ონლაინ იყიდებოდა, 199 ევრო იყო.