რისთვის გაათავისუფლეს ხარაგაულში დასუფთავების სამსახურის უფროსი

გამოწერა
ხარაგაულის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირწმუნება, რომ დასუფთავების სამსახურის უფროსი თანამშრომლებს საკუთარ მიწაზე მუშაობას აიძულებდა.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ხარაგაულის დასუფთავების სამსახურის უფროსს თემურ ფურცელაძეს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ხარაგაულის საკრებულოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“ თორნიკე ავალიშვილის ინფორმაციით, თემურ ფურცელაძე  თანამშრომლებს საკუთარ მიწაზე მუშაობას სამუშაო საათებში აიძულებდა, ოპოზიციონერმა სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.

„დემურ ფურცელაძე ძალიან ხშირად საკუთარ საკარმიდამო მიწებს ამუშავებინებს თანამშრომლებს. ის აიძულებს მათ და ემუქრება სამსახურიდან გაგდებით, თუ თანამშრომლები მის უკანონო დავალებას არ შეასრულებენ“, - განაცხადა თორნიკე ავალიშვილმა.

ხარაგაულის დასუფთავების სამსახურის უფროსმა თემურ ფურცელაძემ ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ის არავის არაფერს აიძულებდა.

„ჯერ ერთი, ჩემთან არავინ მუშაობს, მეორეც, მე არავის ვაიძულებ არაფერს და მესამე - მტვირთავი მუშები არიან, საღამოს 6 საათამდე თავისუფლები არიან და მათ ჰყავთ თავიანთი ხელმძღვანელი. სადაც უნდათ იქ მიდიან დღის საათებში. დასუფთავების ავტომობილი კი კადრებში იმიტომ ჩანს, რომ დაცლა ვერ მოასწრეს“, - განაცხადა თემურ ფურცელაძემ.

ტელეკომპანიის ცნობით,  „დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების" დირექტორი, თემურ ფურცელაძე დაკავებული თანამდებობიდან უკვე გათავისუფლდა.

ყველა ახალი ამბავი
0