პანდემიის დროს თბილისში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა

© Sputnik / Alexander Imedashviliათონელის ქუჩა
ათონელის ქუჩა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვების შედეგად თბილისში ავტომობილების მოძრაობა შემცირდა, რამაც ჰაერის ხარისხზე იმოქმედა.

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. გაზაფხულის თვეების განმავლობაში ჰაერის ხარისხი თბილისში გაუმჯობესდა, ხოლო პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე, განაცხადა გარემოს დაბინურების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარინა არაბიძემ.

კარანტინის დაწესების წყალობით ბევრ ქალაქში მუშაობა გააჩერეს საწარმოებმა და საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, რამაც მთელ მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების დონე შეამცირა. თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყარო ყოველთვის იყო ავტომობილების რიცხვის მუდმივი ზრდა და, შესაბამისად, გამონაბოლქვის დიდი რაოდენობა.

თბილისი კარანტინის დღეებში - Sputnik საქართველო
კორონავირუსი – ეკოლოგიისთვის მებრძოლი: საქართველოში ჰაერი გაიწმინდა

ადგილობრივი ეკოლოგები მიიჩნევენ, რომ მთავრობის მიერ COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა თბილისში შეამცირა ავტომობილების მოძრაობა, რამაც ჰაერის ხარისხზე მოახდინა გავლენა.

„2019 წლის მარტში აზოტის დიოქსიდის საშუალო წლიური კონცენტრაცია წერეთლის გამზირზე შეადგენდა 59 მიკროგრამს 1 კუბომეტრზე, მაისში – 60 მკგ/მ3-ს და ეს ნორმას აღემატებოდა 1,5-ჯერ. 2020 წლის მარტის თვეში კი ამავე სადგურზე იყო 30 მკგ/მ3. ეს ნორმის ფარგლებშია, რადგან ზღვრული ნორმაა 40 მკგ/მ3, ანუ შარშანდელთან შედარებით განახევრებულია. ეს კლება გაგრძელდა აპრილშიც და იყო 26 მკგ/მ3, ხოლო მაისის თვეში ეს მონაცემი 23 მკგ/მ3-ზე ჩამოვიდა“, – განაცხადა არაბიძემ რადიო „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, ავტოტრანსპორტის რაოდენობის შემცირებამ შესამჩნევად გააუმჯობესა ჰაერის დამაბინძურებლების კონცენტრაციის, კერძოდ, აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი.

„ჩვენ სულ ვამბობდით, რომ მთავარი დამაბინძურებელი დედაქალაქში იყო ტრანსპორტი და ამ მონაცემებმა დაადასტურა ეს. მიმდინარე თვეებში ჰაერის კარგი ხარისხი ფიქსირდებოდა. რაც შეზღუდვები მოიხსნა, ჯერჯერობით ჰაერის ცუდი ხარისხი არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნა არაბიძემ.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხი ნორმას დაუბრუნდა ასევე ბათუმში.

საქართველოში ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების კონცენტრაციების გამზომი მოწყობილობებია დამონტაჟებული. სპეციალისტები ჰაერის სხვადასხვა დამაბინძურებლებზე სინჯებს პერიოდულად იღებენ.

კორონავირუსის დადებითი მხარე: საქართველოში ჰაერი გაიწმინდა>>

2017 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, თბილისის ჰაერის დაბინძურება დაშვებულ ნორმას 2,9-ჯერ აღემატება. ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებისგან საქართველოში 7 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება.

ყველა ახალი ამბავი
0