წყვილს, რომელთა ემოციურმა ფოტომ ორი წლის წინ სოციალური ქსელი მოიარა, შვიდი წლის შემდეგ ნანატრი ვაჟი შეეძინა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფოტოს ავტორი ლაშა შალამბერიძე ავრცელებს და წყვილს ბედნიერებას უსურვებს.
„დაიბადა ჩვენი პრინცი იოანე, მადლობა ღმერთს ამ დიდი ბედნიერებისთვის“, – წერს ახალშობილის დედა მერი მელაძე სოციალურ ქსელში.
ორი წლის წინ გავრცელებული ფოტო იმდენად ემოციური იყო, რომ სრულიად საქართველო მოიცვა. ფოტოზე მერი მელაძე და მისი მეუღლე თორნიკე სულაკაძე არიან აღბეჭდილი, რომლებიც მარტვილის მუნიციპალიტეტის ულამაზეს სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის ეზოში აკვნის ფონზე სხედან.
„როცა გულით შესთხოვ უფალს, უთუოდ შეისმენს შენს ვედრებას“ – ასე ამბობენ უშვილო წყვილზე, ვინც ტაძარს მოინახულებს.
ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა ხოლმე აღდგომის მეოთხე დღეს – ხუთშაბათს. უამრავი მორწმუნე, უშვილო ცოლ-ქმარი, ჯვარდასაწერი ქალ-ვაჟი ევედრება ხელის მომართვას უფალს. ამ დღეს ყოველთვის წვიმს და იქაურობა ნისლით იბურება. შარშანწინ სწორედ წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის ეზოში გადაიღო ფოტოგრაფმა ლაშა შალამბერიძემ მომლოცველი წყვილი, რომელიც უფალს შვილს სთოვდა.