02:50 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2476)
354 0 0

ის ქვეყნები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინას შექმნიან, პირველ რიგში საკუთარ მოქალაქეებს ჩაუტარებენ აცრას და შემდეგ გამოიტანენ მას მსოფლიო ბაზარზე, აცხადებს ეპიდემიოლოგი.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითი იქნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია, თუმცა მის ირგვლივ ვნებები არ ცხრება. საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი იმედით ელოდება ვაქცინას, მეორე ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ მისი დახმარებით მოხდება ადამიანების „დაჩიპვა“.

„ეს მართალია, უკვე ბევრი ნერვიულობს, რომ ამ ვაქცინის დახმარებით მოხდება „დაჩიპვა“. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ძალით აცრას არავინ არავის გაუკეთებს. ღმერთმა ქნას, რომ ვაქცინა საკმარისი იყოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც მისი გაკეთების სურვილი ექნება. წარმოიდგინეთ, რამდენი მილიარდი ვაქცინა უნდა დაამზადონ ამ მოკლე პერიოდში, რომ მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის იყოს საკმარისი", – განაცხადა იმნაძემ.

მისი სიტყვებით, ის ქვეყნები, რომლებიც ვაქცინას შექმნიან, პირველ რიგში საკუთარ მოქალაქეებს ჩაუტარებენ აცრას და შემდეგ გამოიტანენ მას მსოფლიო ბაზარზე.

იმნაძემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინის შექმნა კორონავირუსის მეორე ტალღას მოუსწრებს, რომელსაც მსოფლიოში შემოდგომიდან ელოდებიან.

იმნაძის თქმით, საქართველოში რესპირატორული დაავადებების სეზონი, ჩვეულებრივ, ნოემბრის მეორე ნახევრიდან იწყება. ამ პერიოდში შეიძლება გააქტიურდეს არა მარტო კორონავირუსი, არამედ გრიპის ან მისი მსგავსი სხვა ვირუსები.

იმნაძემ აღნიშნა, რომ თუ ადამიანი ისწავლის ვირუსთან ერთად ცხოვრებას, ყველა წესის დაცვას, მაშინ ზაფხულისა და შემოდგომის დასაწყისის გადატანა ყველანაირი გართულების გარეშე იქნება შესაძლებელი. პრობლემები, შესაძლოა, ნოემბრის ბოლოდან დაიწყოს.

„მაგრამ თუ ჩვენ დღეს დავივიწყებთ კორონავირუსს, მაშინ ვირუსმა შეიძლება თავი შეგვახსენოს სექტემბერშიც და ივლისშიც", – აღნიშნა იმნაძემ.

სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 828 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 694 გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 13 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3230, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 285 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2476)

მთავარი თემები