თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ორშაბათიდან, 8 ივნისიდან პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მორიგ ეტაპს იწყებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, აღდგება:
- საქალაქთაშორისო მიმოსვლა
- ყველა რესტორნის, კაფესა და ბარის მუშაობა
- სასტუმროების მუშაობა
- ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა
სარკინიგზო სამგზავრო გადაზიდვები, სავარაუდოდ, 15 ივნისიდან აღდგება.
საქართველოს აეროპორტები ცის გასახსნელად ემზადებიან>>
რეკომენდაციები მიიღეს რესტორნებმა და სასტუმროებმა, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა. ორშაბათიდან იხსნება მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებმაც ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება გაიარეს და შესაბამისი ნებართვა მიიღეს.
შეზღუდვების მოხსნის გეგმა ექვსი პუნქტისგან შედგება, მისი რეალიზება ქვეყანაში ეპიდემიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. გეგმის მიხედვით შეზღუდვები საბოლოოდ 6 ივლისისთვის უნდა მოიხსნას. მანამდე კი ქვეყანაში აუცილებელია სამედიცინო პირბადის ტარება დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში.
8 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში დაფიქსირებულია კორონავირუსის 810 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 683 ადამიანი, გარდაიცვალა – 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2915, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 237 პაციენტია.