თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. საქართველომ პრეპარატი „პლაქვენილი“ კორონავირუსით მკურნალობის პროტოკოლში დააბრუნა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
მაისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატ „ჰიქდროქსიქლოროქინის“, იგივე „პლაქვენილის“ კლინიკური გამოცდა შეაჩერა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენებოდა. Covid-19-ის მკურნალობის მიზნით „პლაქვენილის“ გამოყენება დროებით შეაჩერეს საქართველოშიც.
„ჩვენც დავაბრუნეთ უკვე „პლაქვენილი“. პროტოკოლში დროებით შეჩერება იყო. გუშინ საღამოს გაკეთდა წერილი, რომლის საფუძველზეც კვლავ აღდგება „პლაქვენილის“ მოხმარება. გამოყენება მოხდება იმ კრიტერიუმებით, რაც მისთვის საჭიროა. ჩვენ ისედაც სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი ვართ, ჩვენ ყველა პაციენტი ჩართული გვყავს კვლევაში“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
22 მაისს ცნობილ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარი იყო, რომ „პლაქვენილის“ გამოყენება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების რისკს ზრდიდა.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალმა „ჰიდროქსიქლოროქინით“ (პლაქვენილით) მკურნალობის რისკების შესახებ პუბლიკაცია უკან გაიწვია. „ლანცეტის“ განცხადების თანახმად, სტატიის ოთხი ავტორიდან სამმა უარი განაცხადა თავიანთ კვლევაზე, რადგან ვერ შეძლეს იმ მონაცემების დამოუკიდებელი შემოწმების ჩატარება, რომელიც მათ ანალიზს საფუძვლად ედო. ამ განცხადების შემდეგ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სოლიდარობის კვლევაში „ჰიდროქსიქლოროქინი“ (პლაქვენილი) დააბრუნა.