12:47 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1181)
546 0 0

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის განცხადებით, საფრთხე რეალურია, ამიტომაც კორონავირუსის მეორე ტალღის აფეთქებისთვის საჭიროა მომზადება.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის დაბრუნების საშიშროება არსებობს, თუმცა მთავარია ინფიცირებულთა და გამოჯანმრთელებულთა შორის ბალანსის დაცვა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა>>>

მისი სიტყვებით, შეზღუდვების მოხსნამ ყველა ქვეყანაში შემთხვევების გაზრდა გამოიწვია.

„პირდაპირ გეტყვით, პანდემიის დაბრუნების საფრთხე, რა თქმა უნდა, არის. ამის მაგალითია ის, რაც ახლა სამხრეთ ამერიკაში ხდება. იცით, რა ხდება ბრაზილიაში? ინფიცირების შემთხვევების სერიოზული მატებაა ჩილეში, პერუში... გახსნასთან ერთად ყველა ქვეყანაში იყო მცირე ნახტომები. იგივე გერმანიას ჰქონდა მცირე ნახტომი. იქ, სადაც შემსუბუქების პოლიტიკა დაიწყო, მცირე ნახტომი ყველგან იყო, მაგრამ ამის გარეშე არ შეიძლება. საზოგადოებას ამდენი ხნის განმავლობაში ხომ ვერ ჩაკეტავ?! ამიტომაც დღეს ბალანსის დაჭერაა მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გამყრელიძემ. 

მისი სიტყვებით, ერთი მხრივ, ეკონომიკას განვითარების შესაძლებლობა უნდა მიეცეს, მეორე მხრივ კი საჭიროა ჯანდაცვის თვალსაზრისით დიდი პასუხისმგებლობის აღება.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო სისტემა კორონავირუსის მეორე ტალღის აფეთქებისთვის აუცილებლად უნდა მოემზადოს. მისი სიტყვებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხუთწლიან გეგმაში სამი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი არსებობს – ჯანმრთელობის სერვისებზე მოსახლეობის უნივერსალური ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი გადაუდებელი მზადყოფნა და მესამეა კლიმატის ცვლილება და მისი ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე. 21-ე საუკუნეში საზოგადოება ყოველთვის მზად უნდა იყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისთვის, განაცხადა გამყრელიძემ.

იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტალღა შემოდგომაზე დაიწყება, მაშინ ის ზამთარი–გაზაფხულის პერიოდთან შედარებით მსუბუქი უნდა იყოს, აღნიშნა ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა. 

ამასთან, გამყრელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიმახსოვრონ, რომ პირბადე თითოეული ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ატრიბუტი უნდა გახდეს.

„ეს უქმეები მე არ მომეწონა. რამდენიმე პარკში ვიყავი – თითქოს ხალხმრავლობამ იფეთქა. გასაგებია, რომ ზაფხული მოვიდა, ცხელა და ყველას ქუჩაში ყოფნა უნდა, მაგრამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რეკომენდაციები უნდა დავიცვათ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ოთხით გაიზარდა და 800-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 640 ადამიანი, გარდაიცვალა 13 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1181)

მთავარი თემები