საქართველოში კორონავირუსი 72 ბავშვს დაუდგინდა

გამოწერა
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 11 ადამიანს დაუდასტურდა, შესაბამისად, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რიცხვმა 794 ადამიანი შეადგინა.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსი 72 ბავშვს გამოუვლინდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

პოლიცია მეტროს სადგურის ჩასასვლელს აკონტროლებს - Sputnik საქართველო
კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმეტესობა თბილისს უკავშირდება

მისი განმარტებით, ამ დროისთვის ქვეყანაში დადასტურებული 794 შემთხვევიდან კორონავირუსი დაუდგინდა 0-დან 14 წლამდე ასაკის 72 ბავშვს, რაც დაავადებულთა საერთო რაოდენობის 10%-ია და 15-დან 19-წლამდე ასაკის 32 პაციენტს (ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 4,4%).

გამყრელიძის თქმით, არ უნდა შევქმნათ იმის ილუზია, რომ საქართველომ კორონავირუსი დაამარცხა – იგი ჯერ კიდევ არის ქვეყანაში და თუ რეკომენდაციებს არ გავითვალისწინებთ, შეიძლება ახალი მიკროაფეთქებები მივიღოთ.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ერთგვარ ოაზისად რჩება და ჩვენ ამ ეტაპამდე ინფექციის დაჭერა და ფართომასშტაბიანი გავრცელების თავიდან აცილება შევძელით, სიმშვიდის საფუძველი არ გვაქვს. ილუზიით არ უნდა ვიკვებოთ, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. არა, ქვეყანაში კორონავირუსი ჯერ კიდევ არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, მეორე მხრივ, ბოლო დღეების განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა პანიკის საფუძველი არ არის. ეს შემთხვევები არ მეტყველებს იმაზე, რომ დაავადების შიდა გავრცელება ფართოა.

„ჩვენ თითქმის ყველა შემთხვევის წარმომავლობა ვიცით, ყველა შემთხვევა მართვადია. ქვეყანაში საწოლების საკმაო რაოდენობაა, სამედიცინო სექტორი საკმაოდ კარგად მომზადებულია და ყოველივე ეს მართვადია“, – აღნიშნა გამყრელიძემ. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
საჭირო გახდება თუ არა რეგულაციების გამკაცრება – მარინა ეზუგბაიას განმარტება

რაც შეეხება თბილისში ე.წ. საბურთალოს კლასტერში შემავალთა რაოდენობას, გამყრელიძის თქმით, მასში 23 ადამიანი შედის. უკვე გამოკვლეულია 103 კონტაქტი. 42 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი, დანარჩენები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

გამყრელიძე ასევე აღნიშნა, რომ პარკებში მოქალაქეების უმეტესობა არ იცავს სოციალურ დისტანციას და პირბადეების ტარების წესს. მისი სიტყვებით, როდესაც რამდენიმე ადამიანი თუნდაც ღია სივრცეში იკრიბება, პირბადის ტარება აუცილებელია.

„ჩვენ ადრე ვამბობდით, რომ ქუჩაში პირბადის ტარება საჭირო არაა, მაგრამ როდესაც 5–6–7–10 ადამიანი იკრიბება იგივე ღია სივრცეში, აუცილებელია პირბადის ტარება, რადგანაც ქვეყანაში ინფექცია ჯერჯერობით არის და მისი გავრცელების ალბათობა კვლავ არსებობს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 11 ადამიანს დაუდასტურდა, შესაბამისად, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რიცხვმა 794 ადამიანი შეადგინა, აქედან 624 გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 12 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2494, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 301 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

 

ყველა ახალი ამბავი
0