საჭირო გახდება თუ არა რეგულაციების გამკაცრება – მარინა ეზუგბაიას განმარტება

© Sputnik / STRINGERთბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში დღეს კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან რვა ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, სამი კი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთს.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ბოლო დღეების სტატისტიკიდან გამომდინარე რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ დადგება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან. 

ტესტირება - Sputnik საქართველო
პლუს 19: საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება

ეზუგბაიას თქმით, სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციების დაწესების აუცილებლობა არ დგას, უბრალოდ, საჭიროა მოქალაქეებმა ბოლომდე გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციები და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პარალელურად თვითშეზღუდვები დაიწესონ.

„საჭირო არ არის, რომ რეგულაციები სახელმწიფომ დააწესოს. ჩვენ უნდა დავიწესოთ თვითშეზღუდვები და რაღაცნაირად მოვერგოთ სიტუაციას, რომ ვიზრუნოთ ჩვენსა და ჩვენს ოჯახებზე“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან რვა ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, სამი კი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთს. 

ეზუგბაიას განმარტებით, ყველა კლასტერი შესწავლილია და ე.წ. საბურთალოს კლასტერის შესწავლაც აქტიურად მიმდინარეობს. რაც შეეხება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს – მუშევანსა და გეტას, სადაც მკაცრი კარანტინია გამოცხადებული და მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს, ვითარება ახლო მომავალში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

„სავარაუდოდ, ე.წ. საბურთალოს კლასტერი არ გავრცელდება, ყველა პირი იზოლირებულია და ამ დრომდე ხდება კონტაქტების შესწავლა. რაც შეეხება სხვა კლასტერებს, ყველაზე ცხელი წერტილები იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი – მუშევანი და გეტა. ვნახოთ, როგორი იქნება შემდეგი ორი კვირა, იმიტომ რომ კონტაქტები შესწავლილია და მიმდინარეობს საინკუბაციო პერიოდი. თუმცა, მუდმივად ვიმეორებ, რომ ყველაზე მთავარი თვითშეზღუდვის დაწესება და ყველა რეკომენდაციის სრულად დაცვაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 794 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 624 გამოჯანმრთელდა. ამგვარად, ქვეყანაში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ამჟამინდელ ინფიცირებულებს ოთხჯერ და მეტად აჭარბებს. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 12 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2494, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 301 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0