თბილისი, 30 მაისი - Sputnik. ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა, რომელთა ნაწილი გაიხსნა 27 აპრილიდან. ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა და შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.
ნავთლუღის საცალო აგრარულ ბაზარში, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი უძველესი ბაზარია, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან ასაცილებლად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მასშტაბური სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
„სააგენტოს რეკომენდაციებით, ბაზრის ადმინისტრაციამ და პერსონალმა უზრუნველყო ბაზრის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა, დახლების განახლება და მოსაპირკეთებელი და დასუფთავების სამუშაოების ჩატარება“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე, ნავთლუღის ბაზარში გაუმჯობესდა სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, პერსონალი აღიჭურვა შესაბამისი დამცავი და სადეზინფექციო საშუალებებით, კონტროლდება სოციალური დისტანცია.
დღეისთვის საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან 80-მდე უკვე მუშაობს.