07:26 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თანამედროვე ტექნოლოგიები (27)
107910

მოქალაქე რეესტრში თავისი მონაცემების შემოწმებისას ინფორმაციას მობილური ტელეფონით მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს

თბილისი, 18 მაისი - Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა შექმნა საძიებო სისტემა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, შეამოწმონ, არის თუ არა შეტანილი მათი მონაცემები მთავრობის ფულადი დახმარების მიმღებთა რეესტრში, აღნიშნულია სამსახურის ვებგვერდზე.

საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალური სამსახურის გარეშე დარჩენილი ყოველი მოქალაქისთვის ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200-ლარიანი კომპენსაციის გადახდის გადაწყვეტილება მიიღო. ამ კატეგორიაში, წინასწარი მონაცემებით, მოხვდება 350 ათასი ადამიანი. ბიუჯეტიდან კომპენსაციებისთვის გამოყოფილია 460 მილიონი ლარი.

მონაცემთა ბაზაში საკუთარი სახელის პოვნას მოქალაქეები შეძლებენ ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. საძიებო სისტემაში პერსონალური ნომრისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ დაინტერესებული პირი მარტივად შეამოწმებს, წარადგინა თუ არა მისი მონაცემები დამსაქმებელმა.

გადამოწმების პროცესის დასრულების შემდეგ, დამქირავებლის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილურ ნომერზე პირს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიუვა ინფორმაცია, არის თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში. თუ მოქალაქე დაადგენს, რომ მისი მონაცემები ჯერ კიდევ არ არის წარდგენილი შემოსავლების სამსახურში, მან  უნდა მიმართოს დამსაქმებელს და აცნობოს მას ამის შესახებ.

კომპენსაციის მიღების წესი

დამსაქმებელმა კომპანიებმა ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს (ერთხელ მაინც) და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა.

დამქირავებელს განაცხადის წარუდგენლობის ან არასწორად წარდგენის შემთხვევაში, ეძლევა დამატებით 5 დღე, რათა დააზუსტოს და წარმოადგინოს ახალი განაცხადი. შესაბამისად ეს ვადა 20 რიცხვის ჩათვლით ექნებათ.

დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ყოველი თვის 20 რიცხვამდე შემოსავლების სამსახური შექმნის ერთიან ბაზას და გადააგზავნის დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოში, რომელიც გადარიცხავს ფულად დახმარებას ბაზაში მითითებულ ანგარიშებზე.

დამსაქმებელი კომპანიების მიერ კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმა და შევსების წესი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მისწეროთ ელექტრონულ მისამართზე - info@rs.ge.

თვითდასაქმებულები

მთავრობის გადაწყვეტილებით, თვითდასაქმებულები მიიღებენ ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას.

ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების თანახმად, თვითდასაქმებულებად მიიჩნევიან პირები, რომლებიც ახორციელებდნენ რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდნენ ხელფასს, იმ პირთა გარდა, ვინც კონტრაქტით მუშაობდა. სტატუსის დასადასტურებლად მათ უნდა წარადგინონ ცნობა იურიდიული პირისგან ანაზღაურების მიღების შესახებ.

საქართველოში იმ თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია დაიწყო, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს >>

კომპენსაციების მიმღები თვითდასაქმებული პირები უნდა ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს, სადაც სარეგისტრაციო პორტალის - http://compensation.moh.gov.ge/ - მეშვეობით 1 ივლისამდე გაივლიან რეგისტრაციას. ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერია 1505.

თემები:
თანამედროვე ტექნოლოგიები (27)

მთავარი თემები