თბილისი, 13 მაისი – Sputnik. თუ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია შენარჩუნდა, შეზღუდვების მოხსნის პროცესი დაჩქარდება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.
„საბედნიეროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების რაოდენობა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაზე ნაკლებია. თუ ეს ტენდენცია მომავალი დღეების განმავლობაში შენარჩუნდება, ჩვენ ყველა საფუძველი გვექნება, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი დავაჩქაროთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ამ დროისათვის კორონავირუსის 647 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 372 პაციენტი. გარდაიცვალა 11. კარანტინში იმყოფება 4 373 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 386. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს სამი მოქალაქე გადმოიყვანეს.
გუშინ ქვეყანაში ეპიდემიის გამოვლენის დღიდან პირველად მოხდა, როდესაც კორონავირუსი მხოლოდ ერთ ადამიანს გამოუვლინდა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის გავრცელების შეკავების და აღმოფხვრის მიზნით ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ასევე მოქმედებს კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.