თბილისი, 2 მაისი - Sputnik. საქართველო კორონავირუსის გავრცელების პიკზეა, ამიტომ მოქალაქეებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ რუსეთში 124 ათასს გადააჭარბა >>
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისათვის, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 582-ს აღწევს. აქედან გამოჯანმრთელდა 207 ადამიანი, რვა პაციენტი გარდაიცვალა.
„ახლა ვართ გარკვეულ პიკურ პერიოდში, ეს კვირა და მომავალი კვირა. ახლა, ორშაბათიდან მეშვიდე კვირაში შევდივართ, რაც შიდა გავრცელება დაგვეწყო და ამიტომ მეტი სიფრთხილე, მეტი გამოვლენა და ყველამ იცოდეთ, თუ ვინმეს ტემპერატურა და რესპირაციული სიმპტომები აქვთ, მიმართონ ექიმს, მისი რჩევით იმოქმედონ. გაფართოებულია გამოკვლევების რაოდენობა და თუ დადებითია, სწრაფად, საწყის ეტაპზე მკურნალობა იძლევა კარგ შედეგს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მან ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების თითქმის მესამედი ქვემო ქართლის რეგიონზე მოდის.
ამირან გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ დღეს ტესტების პიკური რაოდენობა ჩატარდა. ტესტებმა აჩვენა, რომ მარნეულისა და თეთრიწყაროს სასწრაფოს რამდენიმე თანამშრომელი ინფიცირებულია.
„განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ დღეს ჩვენ გვქონდა გამოკვლევების მხრივ პიკი, 1 328 კვლევა ჩატარდა დღეს და იქიდან ახალი შემთხვევა გვაქვს 16. აქედან ოთხი არის მარნეულში, ოთხი თეთრიწყარო, მაგრამ თეთრიწყარო მიბმულია ასევე მარნეულის სასწრაფოსთან. ამიტომ, რაღაც დამატებით ღონისძიებები უნდა მოვიფიქროთ, უნდა გამკაცრდეს რაღაც თვალსაზრისით, მაქსიმალურად იყოს გამოვლენილი, რომ გადავიყვანოთ სამკურნალოდ, არ გავრცელდეს ინფექცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მან მარნეულის მოსახლეობას მოუწოდა ყოველდღე გაიზომონ სიცხე და მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში მიმართონ ექიმს.
ამირან გამყრელიძემ ასევე მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას და აღნიშნა, რომ მეტი სიმკაცრეა საჭირო.
„ახლა ოდნავ მოვეშვით, როგორც ჩანს. პოლიტიკა უკვე წავიდა იქით, მსუბუქდება შეზღუდვები, რადგან ხალხს მუშაობა უნდა, შემოსავალი სჭირდება და სხვანაირად არ გამოვა. ხალხმა გაიგო, ორშაბათს მანქანები რომ დაუშვეს, თითქოს ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონა. არა, ბატონო. ამიტომ, როგორმე თითოეულ სოფელზე უნდა იყოს მიმაგრებული სოფლის რწმუნებული, რელიგიური ლიდერი და ერთი პირი სამედიცინო განათლების, ვისაც ესმის, ენდობა ხალხი, რომ სოფელში არ გამოგვეპაროს არც ერთი ცხელება, არც ერთი ხველებით და სუნთქვის გართულებით ადამიანი, რათა ისინი სწრაფად იყვნენ გადაყვანილი ცხელების ცენტრში. ძალიან გთხოვთ, რომ გამობრძანდებით, ხალხს ნუ დაამშვიდებთ, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე შაბათს იმყოფებოდა ქვემო ქართლის რეგიონში და სიტუაციას ადგილზე გაეცნო. ამ რეგიონის სამი რაიონი კარანტინზეა ჩაკეტილი. თავად ბოლნისის რაიონში ოთხი სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.
მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური აზერბაიჯანელები წარმოადგენენ და ყველაზე განვითარებული დარგი სოფლის მეურნეობაა, ბოლო დროს საკმაოდ არეული ვითარებაა.
ადგილობრივებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც ითხოვდნენ მათ მიერ წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზების შესაძლებლობას.
გარდა ამისა, ამ რეგიონში ექიმებთან კონფლიქტებიც დაფიქსირდა.
დღეს მსგავსი ინციდენტი სოფელ მუშევანში მოხდა. პაციენტების ნათესავებსა და სასწრაფო დახმარების ექიმებს შორის კონფლიქტი მოხდა. პაციენტების თბილისში გადაყვანა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლების ჩარევის შემდეგ მოხერხდა.