თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) თბილისის მეტროპოლიტენის რეაბილიტაციისთვის 75 მლნ ევროს ოდენობით სესხს გამოყოფს, ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მეტროს რეაბილიტაცია და ახალი მოძრავი შემადგენლობები გააუმჯობესებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის საიმედოობას, უსაფრთხოებასა და ეფექტურობას და მგზავრებს კომფორტული და ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტით უზრუნველყოფს. სესხით გათვალისწინებულია თანამედროვე ტიპის 40 ვაგონის შეძენა და ასევე მეტროს სადგურებისა და გვირაბების აღდგენა.
სესხი ორ ტრანშად იქნება წარმოდგენილი და იგი EBRD-ს და "მწვანე კლიმატის ფონდის" (GCF) თანადაფინანსებით განხორციელდება (65 მლნ – EBRD, 10 მლნ – GCF).
„მეტროპოლიტენის რეაბილიტაცია და ახალი მოძრავი შემადგენლობები გააუმჯობესებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის საიმედოობას და ამასთან მგზავრებს კომფორტული და ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტით უზრუნველყოფს. თბილისში თითქმის 1,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და პიკის საათებში მოძრაობა გადატვირთულია. განახლებული მეტრო ხელს შეუწყობს კერძოდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებაზე გადართვას, რაც უზრუნველყოფს ჰაერის დაბინძურების საგრძნობ შემცირებას”, - ნათქვამია EBRD-ს განცხადებაში.
EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში ოპერირების დაწყების მომენტიდან ბანკმა 249 ფინანსურ, კორპორაციულ და ენერგეტიკულ პროექტში 3,7 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა. ინვესტიციების 87% კერძო სექტორზე მოდის.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. ხაზის საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი (პირველი ხაზი - 40 კმ და მეორე - 17 კმ).