თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. სტრასბურგში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
იმნაძის თქმით, საფრანგეთში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალბატონია.
„სამწუხაროდ, კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე გარდაიცვალა სტრასბურგში, ახალგაზრდა ქალი. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა იმნაძემ.
უცხოეთში COVID-19-ით საქართველოს სულ ექვსი მოქალაქეა გარდაცვლილი.
საქართველოს ერთი მოქალაქე კორონავირუსით ნიუ-იორკში გარდაიცვალა. COVID-19-ით ესპანეთში საქართველოს სამი მოქალაქე დაიღუპა - 74 წლის ქალი, 65 წლის მამაკაცი და ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მეხუთე მოქალაქე ვირუსს დიდ ბრიტანეთში ემსხვერპლა.
ბოლო ცნობით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 117,7 ათას მიაღწია, გარდაიცვალა 12,1 ათასი ადამიანი.