თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 63 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სახლიდან არ გადიოდა და მხოლოდ შვილთან ჰქონდა კონტაქტი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მანამდე მსგავსი შემთხვევა მოხდა თბილისშიც.
პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე საათის წინ დაუდასტურდა, ქუთაისის ცხელების ცენტრიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმე არ არის.
„პაციენტის მდგომარეობა, ერთი შეხედვით, არის საშუალო სიმძიმის, არის შესუსტებული სუნთქვა. აქვს გულის უკმარისობა და, რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობას ამძიმებს. გაუკეთდება ანალიზები, იქნება პასუხები და საჭირო მკურნალობა“, – განაცხადა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა მარიამ ვარდანაშვილმა.
ექიმის ინფორმაციით, ქალი სახლიდან არ გასულა მას შემდეგ, რაც შეიტყო კორონავირუსის ინფექციის შესახებ და ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ შვილთან, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადაში მუშაობს.
„სავარაუდოდ, ეს არის შიდა გადადების შემთხვევა. პასუხი დღეს დადასტურდა და შვილსაც, რა თქმა უნდა, გამოიკვლევენ. თუ მას არ დაუდასტურდა ვირუსი, გადადების წყარო იქნება გაურკვეველი“, – განაცხადა ვარდანაშვილმა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი პაციენტია მოთავსებული.
6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 188-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 36, გარდაიცვალა 2. კარანტინში იმყოფება 5056 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 386 პაციენტია.
კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.