00:55 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)
61 0 0

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ცნობით, მათ კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი მკურნალობს

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა >>

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი მკურნალობს.

„გუშინ შემოგვემატა ერთი უკვე დადასტურებული შემთხვევა. ჩვენი მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების კონტაქტი. ასევე მათთან ერთად შემოვიდა შვიდი კონტაქტი, რომელთა კვლევაც ამ დილას ჩატარდება და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება, ანუ ჩვენთან მყოფი პაციენტების კონტაქტები არიან ესენი“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

 რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას,  ეზუგბაიას თქმით, ცენტრში მოთავსებული ხუთი მძიმე პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა უკვე სტაბილურია.

„ერთი კრიტიკული პაციენტი დაგვრჩა, დანარჩენი ოთხი პაციენტი უკვე სტაბილურ მდგომარეობაშია, მათთან დაავადების პროგრესირება შეჩერებულია, აღარ გაგრძელებულა და იმედია, რამდენიმე დღეში ვიტყვი, რომ ისინი ჩვეულებრივი, მძიმე პაციენტები არიან“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან უკვე  25 პაციენტია განკურნებული.

„ჩვენს გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ალბათ დღის განმავლობაში შეემატება კიდევ  რამდენიმე პაციენტი, დღეს ჩატარდება ტესტირება და შედეგების მიხედვით საღამოს მოგაწვდით ინფორმაციას“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება  ორი არასრულწლოვანი.

„მათი კვლევის შედეგების პერიოდიც დადგა და ალბათ ისინიც დატოვებენ ჩვენს კლინიკას გამოჯანმრთელებულები“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 170-ს მიაღწია. მათგან გამოჯანმრთელდა 36 ადამიანი. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 330 პაციენტია.

4 აპრილს ცნობილი გახდა კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ. ეს იყო 79 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 31 მარტს მოათავსეს. ის მარნეული-ბოლნისის კლასტერის წარმომადგენელი იყო. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად ფასდებოდა. მას თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება.

31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)

მთავარი თემები