08:29 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)
103 0 0

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას მოუწოდა მაგალითი მისგან აიღონ და აღდგომის ღამეს სახლში დარჩნენ

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სააღდგომო ლიტურგიას თვალყურს სახლიდან მიადევნებს.

კომენდანტის საათი საქართველოში: შეიძლება თუ არა აღდგომის ღამე გავატაროთ ტაძარში >>

მართლმადიდებელი სამყარო 19 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დღესასწაულია საქართველოში - ათასობით მორწმუნე აღდგომის ღამეს ტაძრებში ხვდება. თუმცა წელს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და კომენდანტის საათი მოქმედებს.

„მე მესმის, რომ ბევრს უნდა ეკლესიისთვის უკიდურესად მნიშვნელოვან დოგმატურ საკითხებზე და მთავრობისთვისაც უკიდურესად მნიშვნელოვან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხებზე კონფლიქტური და დაპირისპირების საკითხები შემოიტანოს. არ იქნება ეს ასე. ჩვენ ეკლესიასთან ერთად ყოველთვის ვიპოვით იმ დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც ჩვენი მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესში იქნება და ასევე ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესსაც გაითვალისწინებს“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ თავად აღდგომას სახლში აღნიშნავს.

„მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან ტელევიზორით. ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, როგორც ცალკე აღებული მოქალაქის, ისევე როგორც მთავრობის ხელმძღვანელის და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ ყველა მოვიქცეთ ასე“, - განაცხადა გახარიამ.

საპატრიარქოში კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში ყველა ლიტურგია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვით შესრულდება.

ადრე სამღვდელოებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 4 აპრილიდან წირვები კომენდანტის საათის გათვალისწინებით ჩატარდება და 20:00 საათიდან ეკლესიები დაიკეტება.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე კარანტინი ამოქმედდა. 31 მარტიდან 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

მთლიანად გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტროს ჩათვლით. ყველა ქალაქის შესასვლელ-გასასვლელში მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლისთვის ბლოკ-პოსტები მოეწყო.

სპეციალისტების პროგნოზებით, უახლოეს დროს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდაა მოსალოდნელი.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)

მთავარი თემები