ვიცე-პრემიერი კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებითი ზომების მიღებას არ გამორიცხავს

© Sputnik / Asatur Yesayantsმაია ცქიტიშვილი
მაია ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლება ცდილობს შეაკავოს კორონავირუსის გავრცელება და სოციალური იზოლაციის ხელშეწყობისათვის პერიოდულად ახალ-ახალ შეზღუდვებს აწესებს.

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. გამორიცხული არ არის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლებას დამატებითი ზომების მიღება დასჭირდეს, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ეკონომიკის სამინისტროს ქართული წარმოების განახლებაზე აქცენტის გაკეთება ევალება

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმიც მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

„არ არის გამორიცხული, რომ რუსთავში, თბილისში და, ზოგადად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, შესაძლოა, დაგვჭირდეს დამატებითი ზომების მიღება. თუმცა, დღევანდელი დინამიკის გათვალისწინებით, მთავარია ჩვენ უკვე დაწესებული შეზღუდვები დავიცვათ. თუ გვექნება ცალკეულ რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება, შესაძლოა, ზომების გამკაცრება დაგვჭირდეს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება რუსთავს, სადაც კორონავირუსი ქალაქის საკრებულოს დეპუტატს და მისი ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ, ცქიტიშვილის თქმით, ამ ეტაპზე დამატებითი ზომების მიღება არ იგეგმება.

„ამ ეტაპზე კონკრეტულად რუსთავთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, თუმცა ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელების დინამიკა შეიცვლება და თუ დავინახავთ ცალკეულ შემთხვევაში აუცილებლობას დამატებითი ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთი გამკაცრების ზომებს განვიხილავთ", – განაცხადა ცქიტიშვილმა.

საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო
სრული მზადყოფნა: პრემიერმა ჯანდაცვის სამინისტროს ახალი დავალებები მისცა

ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 148-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 27 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5392, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 319 პაციენტია.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საკარანტინო რეჟიმის ფარგლებში ქვეყნის ცხრა ქალაქის – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე – შესასვლელებში მოეწყო საკონტროლო-გამშვები პუნქტები, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თავდაცვის ძალებთან ერთად პირთა გადაადგილებას და კარანტინის წესების პირობების შესრულებას აკონტროლებენ.

ქვეყანაში, გარდა ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტისა, გაუქმებულია საქალაქთაშორისო ავტობუსებით და რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა, ასევე შიდა ავიარეისები.

ხელისუფლება ცდილობს შეაკავოს კორონავირუსის გავრცელება და სოციალური იზოლაციის ხელშეწყობისათვის პერიოდულად ახალ-ახალ შეზღუდვებს აწესებს. სოციალურ ქსელებში აქტიურია მოძრაობა „დარჩი სახლში“.

ყველა ახალი ამბავი
0