10:33 30 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
18220

პატრიარქის კურთხევაა, რომ ხვალიდან ტაძრებში ლოცვები დაიწყოს 16:00 საათზე, ხოლო ყოველდღე ეკლესია დაიკეტოს 20:00 საათისთვის.

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით საქართველოს საპატრიარქომ ქვეყანაში მოქმედი ტაძრებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ამის შესახებ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.  

დღეისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 148-ს მიაღწია. ქვეყანაში 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, 31 მარტიდან კი საკარანტინო რეჟიმი და კომენდანტის საათი ამოქმედდა. შესაბამისად, ქვეყანაში სრულად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილება. ერთ-ერთი შეზღუდვა სამ კაცზე მეტი პირის შეკრების აკრძალვაა.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დღეს ტაძრების წინამძღვრებს სამი რეკომენდაციის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.

„პატრიარქის კურთხევაა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუადღის 4 საათზე, ხოლო ყოველდღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის. აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს. ამასთან, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები“, – დაწერა ანდრია ჯაღმაიძემ. 

მანამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საზოგადოებისადმი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს. ამასთან, ილია მეორემ მრევლს რჩევებიც მისცა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

ამავე დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „სახელმწიფოს რეკომენდაცია არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი – გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და იქ, სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, ეს გავაკეთოთ სახლში“.

მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 19 აპრილს აღნიშნავს. მომავალი ორი კვირა მორწმუნეთათვის ყველაზე მნიშვნელოვანია – 7 აპრილს ხარებაა, 12 აპრილს – ბზობა, 17 აპრილს – წითელი პარასკევი.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით მთავრობა გადაწყვეტილებას საპატრიარქოსთან შეთანხმებით მიიღებს. ამასთან, ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელება უკვე უკონტროლოა და ზოგიერთი ინციფირებულის შემთხვევაში წყარო უცნობია.

 

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)

მთავარი თემები