თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ქვემო ქართლის მოსახლეობას კარანტინის დასრულების შესახებ დეზინფორმაციის შემცველი სმს–შეტყობინებები ეგზავნება, დაწერა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საკუთარ Facebook-გვერდზე.
მისი სიტყვებით, რეგიონის მოსახლეობა ცრუ შეტყობინებებს იღებს როგორც ტელეფონის, ისე სოციალური ქსელების მეშვეობით.
„ძვირფასო მოქალაქეებო, მოვუსმინოთ ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებს, მივყვეთ რეკომენდაციებს და ნუ ავყვებით დეზინფორმაციას. #დარჩისახლში. აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი უწყებების ინფორმირება უკვე მოვახდინეთ“, – აცხადებს ლომჯარია.
აღნიშნული განცხადება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც გავრცელდა.
საგამოძიებო ორგანოები უკვე დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით.
მარნეული და ბოლნისი, რომლის მოსახლეობის დიდ ნაწილს ეთნიკური აზერბაიჯანელები შეადგენენ, საქართველოში პირველი მუნიციპალიტეტები აღმოჩნდა, სადაც კარანტინი გამოცხადდა. ამ დროისთვის საკარანტინო რეჟიმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს.
21 აპრილამდე საქართველოში ასევე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი.
ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 26 ადამიანი.