დგებუაძე: სემესტრი შედგება და მოსწავლეები მომდევნო კლასში გადავლენ

© Pixabay / Wokandapixსაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე შეჩერდა. როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ეს სემესტრი შედგება და მოსწავლეები 2019-2020 სასწავლო წელს დაასრულებენ, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე შეჩერდა. როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. 

ბავშვი ტელევიზორთან - Sputnik საქართველო
საქართველოში დაიწყო პროექტი „ტელესკოლა“

კითხვაზე, არსებობს თუ არა იმის საშიშროება, რომ მიმდინარე სემესტრი ჩავარდება, დგებუაძემ უპასუხა, რომ სამინისტრო ალტერნატიულ გზებზე მუშაობს და, „ტელესკოლის“ პროექტთან ერთად, კიდევ ახალი ონლაინ–პლატფორმების შექმნა იგეგმება.

„ეს სემესტრი ნამდვილად შედგება. ჩვენ დავასრულებთ 2019-2020 სასწავლო წელს და ჩვენს მოსწავლეებს და მასწავლებლებს ასევე შევთავაზებთ ალტერნატიული შეფასების გზას, რომელსაც მოგვიანებით დავაანონსებთ. შესაბამისად, ჩვენ 15 ივნისს დავასრულებთ სასწავლო წელს ისე, რომ მოსწავლეები გადავლენ მომდევნო კლასში“, – განაცხადა დგებუაძემ.

მისი სიტყვებით, სამინისტრო ყველა ტიპის სცენარის განვითარებაზე მუშაობს. იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კარგად იქნება და სასწავლო პროცესის მაისის პირველ რიცხვებში აღდგენა მოხერხდება, შესაძლებელი გახდება სასწავლო პროცესის დასრულება გარკვეული რეკომენდაციების საფუძველზე.

„თუ ეს ვერ მოხერხდება, ჩვენ მოსწავლეებს და მასწავლებლებს ალტერნატივას შევთავაზებთ და ამ წელს შესაბამისად დავასრულებთ“, – აღნიშნა დგებუაძემ.

პროექტი „ტელესკოლა“ 30 მარტს დაიწყო, რომელიც მოწოდებულია საგანგებო მდგომარეობის დროს მოსწავლეებს დისტანციურად დაეხმაროს პროგრამის ათვისებაში. იგი ითვალისწინებს ტელეგაკვეთილებს ყველა კლასის მოსწავლეებისთვის.

მინისტრის მოადგილის სიტყვებით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში „ტელესკოლაზე“ წვდომა აქვს ყველა მოსწავლეს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ წვდომა ინტერნეტზე.

პროექტი „ტელესკოლა“ მოიცავს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებს. პროექტ „ტელესკოლისთვის“ სპეციალურად შეირჩნენ პედაგოგები როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებიდან. გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით.

ყველა ახალი ამბავი
0