საქართველო საკარანტინო ზონების გაზრდისთვის მზადაა

გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საკარანტინო ზონების ორგანიზება და მოქალაქეების განთავსებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით 72 სასტუმროში საკარანტინო ზონებში თითქმის ხუთი ათასი მოქალაქე იმყოფება და მთავრობა მზადაა უფრო მეტი ადამიანის განთავსებისთვის, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული თანამემამულეების ორკვირიან კარანტინში განთავსების მიზნით სახელმწიფო სასტუმროს მეპატრონეებთან მოლაპარაკებებს აგრძელებს. 

ქალი პირბადით - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 21 ადამიანი განიკურნა

„ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სასტუმროებთან, ვზრდით რაოდენობას, რათა საზღვარგარეთიდან საქართველოში ჩამოსულ ადამიანებს ან საქართველოში მყოფ იმ პირებს, რომლებსაც თვითიზოლაციის საშუალება არ აქვთ, შესაძლებლობა ჰქონდეთ, ჩვენი საკარანტინო ზონები გამოიყენონ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკარანტინო ზონებში მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ვუმასპინძლოთ უფრო მეტ ნაკადს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი სიტყვებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საკარანტინო ზონების ორგანიზება და მოქალაქეების განთავსებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა. კარანტინის ზონებში 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრის წარმომადგენლები, პერიმეტრს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აკონტროლებენ.

საკარანტინო ზონებთან დაკავშირებული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება. ეს მოიცავს ტრანსპორტირებას, განთავსებას და სამჯერად კვებას.

ქვრივიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კერძო სექტორთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. მისი სიტყვებით, COVID-19-თან ბრძოლაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა გამოიჩინეს დიდსულოვნება და სასტუმროები სახელმწიფოს საკარანტინო ზონებისთვის განსაკუთრებულად დაბალი ტარიფით დაუთმეს.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, მას დადებითი მოლოდინი აქვს, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ აპრილი და მაისი იქნება გამოწვევით სავსე და, მიუხედავად ამისა, საქართველო აღნიშნულ პრობლემებს წარმატებით გადაჭრის.

ყველა ახალი ამბავი
0