გახარია: კორონავირუსზე სწრაფი ტესტების დროც მოვა

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსთვის სწრაფი ტესტები ეფექტურია და სპეციალური საგანგებო ჯგუფებისთვის არის საჭირო, მიიჩნევს პრემიერი.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. თუ ვინმე ელოდება იმას, რომ მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და დაიწყებენ მასობრივ ტესტირებას, ეს არის სიცრუე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 103-ს მიაღწია, აქედან 20 გამოჯანმრთელდა. კარანტინში რჩება 5114 ადამიანი, სტაციონარებში ექიმის დაკვირვების ქვეშ 263 პაციენტია.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
საქართველომ ესპანეთის კვალდაკვალ Shenzhen Bioeasy Biotechnology-ს ტესტებზე უარი თქვა

გახარიას თქმით, სწრაფი ტესტების დროც მოვა, მაგრამ მათ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულონ. მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ტესტირება აზრს კარგავს, თუ მას კონტროლის მექანიზმები არ მოჰყვება.

„სწრაფი ტესტების დროც მოვა, მაგრამ ამ სწრაფ ტესტებს აქვს თავისი ფუნქცია და როცა ზოგიერთი პოლიტიკოსი თქვენთან ერთად აჩენს მოლოდინს, რომ სწრაფი ტესტი ნიშნავს იმას, რომ მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და დაიწყებენ მასობრივ ტესტირებას, ეს არის სიცრუე. სწრაფი ტესტირების არანაირი აზრი არ არსებობს, თუ მას არ მოჰყვება კონტროლის შემდგომი მექანიზმები“, – განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, საქართველოსთვის სწრაფი ტესტები ეფექტურია და საჭიროა სპეციალური საგანგებო ჯგუფებისთვის, რომლებიც წინა ხაზზე არიან.

„იქნება მაშინ, როცა ამის აუცილებლობა იქნება. თუ ხვალ იქნება ამის აუცილებლობა, სწრაფი ტესტები იქნება ხვალ და თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ეს სწრაფი ტესტები დღეს ქვეყანაში არ არსებობს, ძალიან ცდებით“, – აღნიშნა პრემიერმა.

მანამდე ქართველმა სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის გამოსავლენი ხარისხიანი სწრაფი ტესტები მთელ მსოფლიოში არსად არის. მათი თქმით, საქართველოს აქვს საშუალება, შეიძინოს სწრაფი ტესტები, მაგრამ პრობლემაა თავად პროდუქტის დაბალ ხარისხში. ასეთი სწრაფი ტესტების გამოყენება სპეციალისტებს შეცდომაში შეიყვანს და სწორი დიაგნოზის დასმაში ხელს შეუშლის.

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
ცერცვაძე: ხარისხიანი სწრაფი ტესტები არსად არ არის

დღეს მსოფლიოში ორი სახის ტესტი არსებობს, რომლებიც კორონავირუსს ავლენს. არის ძირითადი – PCR/პჯრ, ანუ პოლიმერიზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით კვლევისთვის. PCR–ტესტი ბიოლოგიური მასალით ავლენს, აქვს თუ არა ვირუსი ადამიანს და იძლევა ზუსტ შედეგს. ის ავლენს ვირუსის მიკრომოლეკულას. ამ ტესტების მეშვეობით შედეგის მიღება შესაძლებელია დაავადების პირველივე დღეს, მანამდე, სანამ სიმპტომები გამოვლინდება.

არის ასევე სწრაფი, ანუ ექსპრეს-ტესტები, რომლებიც ავლენს ანტისხეულებს, რომლებიც ინფიცირებიდან მესამე–მეშვიდე დღეს შეიძლება გამოვლინდეს, ანუ შედეგს ინფიცირების პირველივე დღეს არ იძლევა.

რიგი ოპოზიციური პარტიები ბოლო დროს აქტიურად აკრიტიკებენ ხელიუფლებას. მათ არ მოსწონთ, რომ ქვეყანაში ცოტა რაოდენობითაა სწრაფი ტესტები და ხელისუფლება მოქალაქეების საყოველთაო ტესტირებას არ ახდენს. ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა გიორგი ვაშაძემ პირდაპირ ეთერში კორონავირუსზე სწრაფი ტესტიც კი ჩაიტარა და მისი სარგებლობა აჩვენა.

„შეცდომის უფლება არ გვაქვს“ – ტიკარაძე კორონავირუსთან ბრძოლის თაობაზე >>

ცოტა ხნის წინ საქართველომ გააუქმა ხელშეკრულება COVID-19-ის ექსპრეს-ტესტების მოწოდებაზე ჩინურ კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-სთან, რომლის პროდუქციის ხარისხზეც ესპანეთში დაეჭვდნენ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა კომპანიასთან, რომელიც 2 ათას ტესტს გამოგზავნის. თუ ტესტების ხარისხი ნორმების შესატყვისი იქნება, შეიძენენ დამატებით პარტიას. ტესტებს ინფექციონისტების რეკომენდაციებით არჩევენ.

საქართველოში შემოტანილი ყველა ტესტი საგულდაგულოდ მოწმდება და მხოლოდ ამის შემდეგ იყენებენ მათ დიაგნოსტიკაში, ხოლო ის ექსპრეს–ტესტები, რომელთა სანდოობაშიც ეჭვი გაჩნდა, დაბრუნდა ჩინეთში.

ბლოკპოსტი მარნეულში - Sputnik საქართველო
რა იკრძალება საყოველთაო კარანტინისა და კომენდანტის საათის დროს – დეტალური ინფორმაცია

გიორგი გახარიამ ორშაბათს საგანგებო ბრიფინგზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმის შემოღების შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება ძალაში 31 მარტის 08:00 საათიდან შევიდა. ასევე დაწესებულია კომენდანტის საათი – 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.

მთლიანად წყვეტს მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი (მძღოლის ჩათვლით), მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. იკეტება მსხვილი ქალაქები: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, რუსთავი, გორი. აღნიშნული ქალაქების შესასვლელებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყობა.

ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ყველასათვის, განსაკუთრებით კი ხანდაზმული ადამიანებისთვის სახლიდან გასვლა ნებადართულია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში.

საქართველოს მთავრობამ მარტის შუა რიცხვებში საზღვრები დაკეტა, ხოლო 21 მარტს ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 21 აპრილამდე გაგრძელდება. ბოლო დრომდე კარანტინის რეჟიმი მოქმედებდა მხოლოდ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, სადაც კორონავირუსის აფეთქების ალბათობა იყო.

ყველა ახალი ამბავი
0