საქართველოში კომპანიებმა საქველმოქმედო აქციები დაიწყეს

© photo: Sputnikრიგები სუპერმარკეტში
რიგები სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ საქველმოქედო StopCoV ფონდში უკვე 16 მილიონ ლარამდეა შეგროვილი

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. ბიზნესომბუდსმენის აპარატთან კოორდინაციით „აიგრუპმა“, „კოკა-კოლამ“, „JTI კავკასიამ“ და „IDS ბორჯომმა“ საქველმოქმედო აქციები დაიწყეს, ნათქვამია საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

StopCoV ფონდი COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით 23 მარტს შეიქმნა. ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცნობით, StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

უწყების ცნობით, კომპანიებმა „აი გრუპმა“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“, „JTI კავკასიამ“, „IDS ბორჯომი საქართველომ“ და სუპერმარკეტების ქსელმა „მაგნიტმა“ გამოხატეს მზადყოფნა, ჩაერთონ Covid-19 ვირუსის წინაშე ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაში და სოციალურად დაუცველი და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები საჭირო პროდუქტებით მოამარაგონ.

„აღნიშნული კომპანიები ჩართულები არიან Covid-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ახორციელებენ სოლიდარულ აქტივობებს საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ჯგუფების დასახმარებლად. ასევე, არიან StopCoV ფონდის კონტრიბუტორები. დღეის მდგომარეობით ფონდში 16 მლნ ლარამდეა აკუმულირებული და ეს თანხა ჩვენი მოქალაქეების ყველაზე კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

კერძოდ, კომპანია „აი გრუპი“, „JTI კავკასია“ და „IDS ბორჯომი საქართველო“ საკვები პროდუქტებით, პირველადი მოხმარების საგნებითა და მედიკამენტებით სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს დაეხმარებიან. კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო სივრცეებს საკუთარი პროდუქციით ამარაგებს.

თბილისის მასშტაბით, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიაში უკვე ჩაერთნენ კომპანია „არქი“ და „ვისოლ ჯგუფი“.

28  მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ  85   ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 14. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4534, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 276 ადამიანია.

 

ყველა ახალი ამბავი
0