11:06 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)
57 0 0

იუსტიციის მინისტრმა პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყების მიერ მიღებულ ზომებზე ისაუბრა.

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული მდგომარეობა, შესაძლოა, 3 აპრილის შემდეგაც გაგრძელდეს, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის თქმით, ქვეყნის საპატიმროებში ორკვირიანი განსაკუთრებული პირობების ვადის ამოწურვის შემდეგ ეს პერიოდი ჯერჯერობით 3 აპრილამდე გაგრძელდა.

„19 მარტს ამოიწურა პენიტენციურ სამსახურში ორკვირიანი განსაკუთრებული პირობების მდგომარეობა, რომელიც იუსტიციის მინისტრის ნებართვით პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გამოაცხადა. 19 მარტსვე ეს პერიოდი გაგრძელდა 3 აპრილის ჩათვლით. არ არის გამორიცხული, ეს პერიოდი ციხეებში 3 აპრილის შემდეგაც გაგრძელდეს“, – აღნიშნა მინისტრმა.

თეა წულუკიანის თქმით, განსაკუთრებული პირობების დროს ციხეებში აკრძალულია პაემნები, რამაც გამოიწვია სერიოზული დისკომფორტი მსჯავრდებულებში და, ნაწილობრივ, ბრალდებულებში.

„ჩვენ შესაბამის კომპანიასთან მოლაპარაკების გზით ნაწილობრივი კომპენსირება ამ დისკომფორტისა მოვახერხეთ და 16 მარტიდან მიმდინარეობს შეღავათი, რომელიც გულისხმობს 15-წუთიან უფასო სასაუბრო დროს ყოველი თვის განმავლობაში. ამ შეღავათის გაგრძელებაზე მუშაობას ვაპირებთ მომავალში, რათა ეს ჩაკეტილობა და მისგან გამოწვეული ოჯახთან კონტაქტის არარსებობა რამენაირად კომპენსირებული იყოს ჩვენი პატიმრებისთვის“, – აღნიშნა წულუკიანმა

მისი თქმით, განსაკუთრებული პირობები ციხეებში ასევე გულისხმობს იმას, რომ ვერც ერთი ახალდაკავებული და ახალმისჯილი პატიმარი, უკვე მეოთხე კვირა დაიწყო, ვერ შედის ძველ კონტინგენტთან, ვიდრე 21-დღიან საკარანტინო პერიოდს არ მოიხდის. საკარანტინო სივრცე კი არის ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსი, შესაბამისი პირობებით, რომელიც მოწყობილია მიმღებ ციხეებში.

„იქ არის როგორც კანონმდებლობით, ასევე ევროპული კონვენციის დაცვით შექმნილი პირობები ჩვენი პატიმრებისთვის. იქ ახალი პატიმრები ატარებენ 21 დღეს და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ არავითარი საეჭვო სიმპტომები არ გამოუვლინდებათ, შეერევიან ძველ კონტინგენტს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, პატიმარი, რომელსაც ციხეში მისვლისას საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდება, ვერ მოხვდება ციხის ტერიტორიაზე.

ისინი მაშინვე მივლინებული არიან ერთ-ერთ სამოქალქო კლინიკაში, სადაც დღემდე სულ 26 ახალი პატიმარი იქნა მივლენილი. ექვსი უკვე გაეწერა და არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა ვირუსი. გაწერილი პატიმრებიც პირველ რიგში 21 დღის განმავლობაში გაივლიან სამედიცინო საკარანტინო რეჟიმს ციხის ტერიტორიაზე, ცალკე სივრცეში.

„მინდა ვუთხრა პატიმრებს, მათ ოჯახებს – მაქსიმალური ყურადღება ექცევა იმას, რომ გარედან შიგნით არ მოხდეს ვირუსის შეტანა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის განცხადებით, 20 მარტიდან თანამშრომლებიც მოწმდებიან ციხის გარეთ სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო პუნქტებში.

„შეცდომის უფლება არ გვაქვს“ – ტიკარაძე კორონავირუსთან ბრძოლის თაობაზე>>

„20 მარტიდან დღემდე ასეთი 100-მდე თანამშრომელი იქნა სახლში გაბრუნებული, ხოლო 80-მდე დაცვის თანამშრომელი იქნა ჩამოცილებული ციხის პერიმეტრს. კიდევ და კიდევ – რათა პატიმრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნას დაცული. 23 მარტიდან აიკრძალა დამლაგებლების შეშვება ციხეებში, რაც გულისხმობს იმას, რომ ის კერძო კომპანია და ათეულობით დამლაგებელი, რომლებიც შედიოდნენ დაწესებულებაში, 23 მარტიდან აღარ ხვდებიან დაწესებულებაში. კერძო კომპანია გვაწვდის შესაბამის საშუალებებს და ციხის ადმინისტრაცია, საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობებით, უზრუნველყოფს ციხის დალაგებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ასევე 24 მარტიდან აიკრძალა პატიმრების გაყვანა სასამართლოებში და სასამართლო პროცესები აეწყო ონლაინ.

„ამ პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა არა მხოლოდ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, არამედ პროკურორებს, მოსამართლეებს, მოსამართლეთა თანაშემწეებს, ადვოკატებს და თავად პატიმრებს, რადგან ჩვენ სამ დღეში შევძელით და 95 სასამართლო პროცესი ჩავატარეთ ონლაინ. კორონავირუსის აღმოფხვრამდე არც ერთი პატიმარი არ გავა სასამართლო პროცესზე. ეს არის წესი, რომელსაც გამონაკლისი ვირუსის აღმოფხვრამდე არ ექნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება პატიმრების კვებას და მედიკამენტებს, თეა წულუკიანის განცხადებით, სურსათისა და წამლების მარაგები საკმარისზე მეტია, ხოლო კომპანია, რომელსაც პატიმრების კვებაზე ზრუნვა ევალება, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა>>

ამ დროისათვის საქართველოში ინფიცირებულია 81 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4505, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 247 პაციენტია.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა უახლოეს 2–3 კვირაში გაიზრდება.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოაცხადა.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)

მთავარი თემები