თბილისი, 27 მარტი – Sputnik. ახალი კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად საქართველოს საკონტროლო-გამშვები პუნქტები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო აკრძალულია ქვეყანაში უცხოეთის ყველა მოქალაქის შემოსვლა, ხოლო ტვირთის გადაზიდვა გარკვეული წესებით მიმდინარეობს.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 27 მარტისთვის>>
ინფორმაციის თანახმად, ტვირთების გადაზიდვა ქვეყნის ყველა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე 24-საათიან რეჟიმში განხორციელდება, ხოლო საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან, შემოსვლას თითოეული ქვეყნის საზღვარზე მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტით შეძლებენ და, ამასთან, გრაფიკით – 10:00-დან 18:00 საათამდე.
ეს პუნქტებია:
თურქეთის რესპუბლიკა
- ნებადართულია მხოლოდ „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტიდან;
- „კარწახისა“ და „ვალეს“ საბაჟო-გამშვები პუნქტები ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.
აზერბაიჯანის რესპუბლიკა
- ნებადართულია მხოლოდ „წითელი ხიდის“ საბაჟო-გამშვები პუნქტიდან;
- ლაგოდეხის“, „სამთაწყაროსა“ და „მტკვარის“ საბაჟო-გამშვები პუნქტები ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.
რუსეთის ფედერაცია
- ნებადართულია „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტიდან.
სომხეთის რესპუბლიკა
- ნებადართულია მხოლოდ „სადახლო-საავტომობილოს“ საბაჟო-გამშვები პუნქტიდან;
- „გუგუთის“, „ახკერპისა“ და „ნინოწმინდის“ საბაჟო-გამშვები პუნქტები ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.
შემოსავლების სამსახური ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველა შემოსულს შეამოწმებენ ეპიდემიოლოგები, რომლებიც გაესაუბრებიან მათ, გაზომავენ სხეულის ტემპერატურას და შესაბამისი დეტალური მოგზაურობის ანამნეზს შეკრებენ.
ამის შემდეგ მოქალაქეებს, სიმპტომების მიხედვით, სავალდებულო კარანტინში ან საავადმყოფოში მოათავსებენ.