პაციენტი №2 გამოჯანმრთელების გზაზეა – როგორია დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეზუგბაიამ ასევე განმარტა, რომ სტაბილური მდგომარეობა, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაუარესდეს. ყველაფერი დამოკიდებულია ვირუსის ხასიათსა და კონკრეტული ადამიანის ორგანიზმზე.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული „მეორე“ პაციენტისთვის ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, მას განმეორებითი ანალიზი დღეს გაუკეთდება და შედეგი დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება „პირველ“ ინფიცირებულს, მას განმეორებითი ტესტი უკვე ჩაუტარდა, რომლის პასუხიც ასევე უარყოფითი აღნოჩნდა.

„ვვარაუდობ, რომ მეორე პაციენტის შემთხვევაშიც პასუხი იქნება უარყოფითი და ეს ჩვენი მეორე გამოჯანმრთელებული პაციენტი იქნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, 33 ინფიცირებულიდან რვას პნევმონია აღენიშნება. ოთხის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

„დაწყებული მკურნალობის ფონზე შეინიშნება სტაბილური მდგომარეობა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დაავადება არ იქნება პროგრესირებადი. სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის შემდეგ გაუმჯობესება იქნება და ჩვენ გამოჯანმრთელებისკენ წავალთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ და აღნიშნა, რომ ვირუსი მკურნალობას ექვემდებარება. 

იტალია - Sputnik საქართველო
საგარეო უწყება უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის საჭირო ინფორმაციას ავრცელებს

თუმცა, ეზუგბაიამ აქვე განმარტა, რომ სტაბილური მდგომარეობა, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაუარესდეს. ყველაფერი დამოკიდებულია ვირუსის ხასიათსა და კონკრეტული ადამიანის ორგანიზმზე. დაავადება შეიძლება პროგრესირდეს ვირუსის გამოვლენის დღიდან 13 დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს.

საქართველოში, 16 მარტის მონაცემებით, კორონავირუსი 33 ადამიანს დაუდასტურდა, ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველომ ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით საზღვარი დაკეტა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. რუსეთთან დაიკეტა სახმელეთო საზღვარი. რაც შეეხება თურქეთს, დაიკეტა მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი.

გარდა ამისა, საქართველოში ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და დანიიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის აუცილებელი კარანტინი შემოიღეს.

თავად ქვეყანაში დაკეტილია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. ეკლესიებში ტარდება დეზინფექცია, ხოლო სხვადასხვა კონფესიების ტაძრებში რიგი მსახურება შეწყვეტილია. საქართველოს მთავრობამ სილამაზის სალონების, კაფე-ბარების, გასართობი ცენტრებისა და ტოტალიზატორების დახურვის რეკომენდაცია გასცა.

ყველა ახალი ამბავი
0