19:34 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1435)
39 0 0

1-10 მარტის პერიოდში ხანძარმა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში 546 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოში ტყის ხანძრების მიზეზი მოსახლეობის დაუდევრობა და ხანგრძლივი გვალვაა, განაცხადა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ტყის ხანძრები ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნის სხვადასხვა რაიონში ორშაბათს, 9 მარტს გაჩნდა. საქართველოს მასშტაბით 20-ზე მეტი სერიოზული კერა დაფიქსირდა – ოზურგეთის, ამბროლაურის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და კასპის მუნიციპალიტეტებში ხანძარს ერთბაშად რამდენიმე ადგილზე ებრძოდნენ. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო 1000-მდე მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი. ხანძრის გავრცელების საერთო ფართობმა 130 ჰექტარი შეადგინა.

„მოსახლეობას მოვუწოდებთ, საგაზაფხულო სამუშაოების შესრულებისას მაქსიმალურად შეიკავონ თავი საკუთარ ნაკვეთებსა და საძოვრებზე ბალახისა და და ბუჩქნარის დაწვისგან. ამან შეიძლება მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს. ხანძრების გაჩენის ძირითადი მიზეზი – მოსახლეობის დაუდევრობაა. ამან შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს როგორც ტყეს, ისე გამოიწვიოს ნიადაგის ნოყიერი ფენის განადგურება... კლიმატური ცვლილებების პირობებში, როდესაც ჩვენთან ასეთი ხანგრძლივი გვალვაა, ასეთი ქმედებები დაუშვებელია", – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ტყეში ლაშქრობის დროს იყოს მაქსიმალურად ფრთხილად და კოცონი მხოლოდ სპეციალურ ადგილებში დაანთოს.

„ასეთი გვალვის პერიოდში მოსახლეობა ხშირად დადის ტყეში. როცა ჩვენ ვხედავთ გამხმარ ფოთლებს, ბალახს, კოცონის დანთება დაუშვებელია. ამისთვის სპეციალური ადგილები არსებობს. ჩვენ ვხედავთ, რომ გვალვის პერიოდი გრძელდება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენა თითოეული ჩვენგანის ვალია", – აღნიშნა დავითაშვილმა.

მან მოსახლეობას შეახსენა, რომ ტყეში სახანძრო უსაფრთხოების დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები მოქმედებს.

„სანქციები 200-500 ლარიდანაა. იმ შემთხვევაში, თუ ზარალი 1000 ლარს აჭარბებს, მაშინ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. ხოლო თუ ქმედება ტყის ფონდის განადგურებას იწვევს, მაშინ სასჯელი ოთხიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, დავითაშვილმა მოსახლეობას წყლის გაფრთხილებისკენ მოუწოდა, რამდენადაც მცირე ნალექი ქვეყნის წყლის რესურსებზე მოქმედებს.

2020 წლის 1-10 მარტის პერიოდში ხანძარმა ეროვნული სატყეო სააგენტოს მმართველობაში არსებული 546 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1435)

მთავარი თემები