08:36 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (736)
98 0 0

საქართველოს არაერთი სპეციალიზებული და მრავალპროფილური საავადმყოფოა მობილიზებული და მზადყოფნას გამოთქვამს პაციენტების მისაღებად.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სამედიცინო ქსელი მზად არის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოს მთავრობის სხდომაზე.

მისი სიტყვებით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.

„ჩვენ კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით და შესაძლებელია, კიდევ იყოს შემთხვევები, მაგრამ ჩვენ დაავადების პრევენცია უნდა მოვახდინოთ. დამერწმუნეთ, ეს რთული იქნება. მეორე მხრივ კი, ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ შესაბამისად ამ ადამიანებს ადრეულ ეტაპზე გაეწიოთ სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა ამირან გამყრელძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემთხვევების 81% მიმდინარეობს მსუბუქად და სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, ზოგიერთ შემთხვევაში სერიოზულ სამედიცინო ჩარევას არც საჭიროებს. შემთხვევების დახლოებით 14-15%-ში არის ე.წ. მწვავე მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს აქტიურ სამედიცინო დახმარებას, ხოლო 5%-ში – კრიტიკული მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს რეანიმაციულ დახმარებას.

„აქედან გამომდინარე, სამედიცინო ქსელის მზადყოფნა არის, მზადყოფნა დაადასტურა მინისტრმაც. ჩვენთან არის რეზერვი როგორც საკარანტინო სივრცეების, ისე შესაბამისი პოლიპროფილური საავადმყოფოების, სადაც არის ყველა საშუალება, რომ ადამიანებს გაეწიოთ შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების საშიშროება არ არის. მისი სიტყვებით, საქართველოს სხვადასხვა ადგილებში სპეციალური საკარანტინე სივრცეებია.

„ჩვენ ვზრუნავთ, რომ მათ შესაფერისი პირობები ჰქონდეთ. ჩვენ გვაქვს მობილიზებული საავადმყოფოები ქუთაისსა და ბათუმში, არის რამდენიმე საავადმყოფო თბილისშიც. ვარწმუნებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართო გავრცელება და, შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

26 თებერვალს, საღამოს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი საქართველოს 50 წლის მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა. მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

ინფიცირებული მოქალაქე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან ინფექციურ საავადმყოფოში სამშაბათს შეიყვანეს. საზღვრამდე მან მიკროავტობუსით იმგზავრა.

აღნიშნულმა ინფორმაციამ საქართველოს მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია – თბილისის პრაქტიკულად ყველა აფთიაქსა და სუპერმარკეტში ხალხის რიგი დადგა. მოსახლეობამ შეიძინა ყველაფერი – კვების პროდუქტებიდან დაწყებული, სამედიცინო პირბადეებითა და სადეზინფექციო საშუალებებით დამთავრებული.

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 2 744-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 32 495 ადამიანი, სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 78 497 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის შედეგად 29 ადამიანი გარდაიცვალა, 433 დაინფიცირდა, ხოლო 2 750 – გამოჯანმრთელდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა. გადაწყვეტილება იქნა მიღებული ირანთან სახმელეთო მიმოსვლის ორი კვირით შეჩერების თაობაზე.

მანამდე ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

 

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (736)

მთავარი თემები