თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. დღეიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ადგილობრივი წარმოების გაუყინავ ღორის ხორცს შეისყიდის, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ქართული ჯარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირველად მარაგდება გაუყინავი, უმაღლესი ხარისხის ძროხისა და ღორის ხორცით. 2020 წლის იანვრის ბოლოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმ პროდუქტების ხარისხი შეამოწმა, რომლითაც ქართული ჯარი მარაგდება. სამხედრო მოსამსახურეების კვებითი პირობების გაუმჯობესება თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სოციალური პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები უკვე განხორციელდა. კერძოდ, შეიცვალა ჯარისკაცების კვების რაციონი, რემონტდება სასადილოები.
გარდა ამისა, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გაიზარდა რაციონში ხორცის ნორმა. ახალი სტანდარტებით ქართული ჯარი უმაღლესი ხარისხის პროდუქტებით მარაგდება.
პროდუქციის მრავალფეროვნებასთან და ხარისხთან ერთად მნიშვნელოვანი ყურადღება სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს ექცევა. მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის სრული განახლება, მათ შორის, ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
სამინისტრომ საკუთარ თავზე აიღო სურსათის ეროვნული სააგენტოს ყველა რეკომენდაციის შესრულება.