თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩინურ კომპნიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანისგან, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
რეკომენდაცია იმ ჩინური კომპანიებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტებზე მუშაობენ.
შეზღუდვა გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ შესაბამისი სამსახურები არ დარწმუნდებიან, რომ კომპანიები სათანადოდ იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაავადების პრევენციისთვის გაცემულ საჭირო ყველა სტანდარტსა და რეკომენდაციას.
ასეთი შეზღუდვის დაწესება განაპირობა 22 თებერვალს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლების განთავსებასთან დაკავშირებით შექმნილმა სიტუაციამ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა კვირას 1769 ადამიანს მიაღწია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ დღე-ღამის განმავლობაში დაავადების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 367-ით გაიზარდა. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 28 ქვეყანაში დაფიქსირდა. ლეტალური შემთხვევების საერთო რიცხვმა 17-ს მიაღწია, ამასთან COVID-19-ით ბოლო დღე-ღამეში ექვსი ადამიანი დაიღუპა.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მატერიკულ ჩინეთში COVID-2019-ით ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა 77 150 კაცს შეადგენს. აქედან ამ დროისათვის ავადაა 49 824 ადამიანი, მათ შორის 9 915 კაცი მძიმე მდგომარეობაშია. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 24 734 პაციენტი, გარდაიცვალა 2592. გარდა ამისა, ექიმები აკვირდებიან 97 ათას ადამიანს, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.
ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ ახალ კორონავირუსთან. ჯანმომ აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად შეაფასა და მას ოფიციალური სახელწოდება მიენიჭა – COVID-2019.
საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ინფექციურ საავადმყოფოში შაბათს მოთავსებულ ირანის ოთხ მოქალაქეს ახალი ტიპის კორონავირუსი არ დაუდასტურდა. რაც შეეხება საქართველოს 34 მოქალაქეს, რომლებიც ჩინეთიდან გასულ კვირაში ჩამოიყვანეს, ისინი საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში კარანტინში იმყოფებიან.
ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან დროებით შეაჩერა, ასევე ჩინეთიდან აიკრძალა ცხოველების შემოყვანა. სასაზღვრო პუნქტებზე ხდება მოგზაურების შემოწმება. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ატარებს.