ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის ოთხ მოქალაქეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

© REUTERS / WANA NEWS AGENCYთეირანის მკვიდრები კორონავირუსის საწინააღდეგო ნიღბებით
თეირანის მკვიდრები კორონავირუსის საწინააღდეგო ნიღბებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფექციურმა საავადმყოფომ ირანის ოთხი მოქალაქის სისხლში კორონავირუსზე ანალიზების უარყოფითი პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან ახლახანს მიიღო

თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. ინფექციურ საავადმყოფოში შაბათს მოთავსებულ ირანის ოთხ მოქალაქეს ახალი ტიპის კორონავირუსი არ დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორზე, თენგიზ ცერცვაძეზე დაყრდნობით.

მისივე თქმით, ამჟამად ოთხივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ ისინი კლინიკიდან დღის ბოლოს გაეწერებიან.

„მოგახსენებთ ირანის იმ ოთხი მოქალაქის შესახებ, რომლებიც გუშინ ღამით მოიყვანეს ჩვენთან კლინიკაში და ამ მომენტამდე აქ იმყოფებიან. მათ ყველანაირი გამოკვლევა ჩაუტარდათ და რენდგენოლოგიური გამოკვლევით არც ერთ მათგანს პნევმონია არ დაუდასტურდა, აგრეთვე არ აღმოაჩნდათ გრიპი და სულ ახლახანს, ნახევარი საათის წინ მივიღეთ პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან, რომლის მიხედვითაც, მათ არც ახალი კორონავირუსის ინფექცია აღმოაჩნდათ. ამჟამად ოთხივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურის მომატება არ აღენიშნებათ და დიდი ალბათობით, მათ დღის ბოლოს გავწერთ კლინიკიდან. პაციენტები ჩამოვიდნენ გუშინ საღამოს საათებში, მათ თვითონ არ დაუფიქსირებიათ ჩივილები, აეროპორტში გეგმიური შემოწმებისას, სკრინინგის საშუალებით ოთხივე მათგანთან ტემპერატურის მატება დაფიქსირდა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
კორონავირუსი ჰონგ-კონგში - Sputnik საქართველო
ჩინეთში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დადებითი დინამიკა ფიქსირდება

კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ამუშავდება ყველა ის აუცილებელი მექანიზმი, რომელიც საჭიროა, რათა საქართველოში შესაბამისი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანად განხორციელდეს.

ირანის ხელისუფლებამ შაბათს განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ დაავადებულია 43 ადამიანი. ამ ვირუსით ირანში უკვე 8 ადამიანი გარდაიცვალა. შაბათს ქუვეითმა და ერაყმა, დღეს კი იორდანიამ და თურქეთმა ირანთან ავიამიმოსვლა შეაჩერეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებს საქართველო ანალოგიურ გადაწყვეტილებას. დღევანდელი რეისები ირანიდან შესრულდება, განაცხადეს თბილისის აეროპორტში, რადგან ოფიციალური გადაწყვეტილება ირანთან ფრენების შეწყვეტის შესახებ არ მიუღიათ.

რაც შეეხება საქართველოს 34 მოქალაქეს, რომლებიც ჩინეთიდან პარასკევს ჩამოიყვანეს, ისინი საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში კარანტინზე იმყოფებიან. საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის, მაია ხელაძის თქმით, ორ მათგანს აღენიშნებოდა ოდნავ მომატებული ტემპერატურა - 37 გრადუსი, თუმცა დღეის მდგომარეობით ყველა მათგანს ნორმალური ტემპერატურა აქვთ.

სახიფათო ვირუსი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო უწყება მოქალაქეებს ირანში წასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ ახალ კორონავირუსთან.

ჯანმომ აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად შეაფასა და მას ოფიციალური სახელწოდება მიენიჭა - COVID-2019.ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დღეისათვის მატერიკულ ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით, COVID 2019–ით დაავადებულთა საერთო რაოდენობა ჩინეთში 76 936-ს შეადგენს, 2 442 კაცი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 22 888 პაციენტი. აქედან ამ დროისათვის ავადაა 51 606 ადამიანი, მათ შორის 10 968 — მძიმედ.

ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ ფრენები ჩინეთიდან დროებით შეაჩერა, ასევე აიკრძალა ცხოველების შემოყვანა ამ ქვეყნიდან. სასაზღვრო პუნქტებზე ხდება მოგზაურების შემოწმება. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0