19:46 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (201)
103 0 0

საკოორდინაციო საბჭო, რომელიც არის შექმნილი პრემიერის განკარგულებით კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, შესაბამის ღონისძიებებზე მეორე დღეა მსჯელობს

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ირანში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, განაცხადა პირველი არხის ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

ჩინეთიდან ჩამოსული ქართველები საჩხერეს სასტუმროში დააბინავეს >>

მისი თქმით, ირანში შექმნილი ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან მისაღებ შესაბამის ზომებზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განკარგულებით შექმნილი საბჭო მსჯელობს.

„უარესდება ეპიდსიტუაცია ირანში, რომელიც გახლავთ ჩვენი მეზობელი ქვეყანა, მასთან გვაქვს ინტენსიური ტურისტული თუ ბიზნეს ურთიერთობები. ამიტომ საკოორდინაციო საბჭო, რომელიც არის შექმნილი პრემიერის განკარგულებით კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, გუშინ და დღეს მსჯელობს შესაბამის ღონისძიებებზე. მე ვარ საბჭოს წევრი, ჩემი რეკომენდაცია მივეცი, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, საბჭო არის საკოორდინაციო ორგანო, რომლსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მასში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები შედიან.

„ირანში ეპიდსიტუაციის გაუარესება კორონავირუსთან დაკავშირებით არის სერიოზული პრობლემა მისი მეზობელი ქვეყნებისთვის. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ქუვეითმა და ერაყმა და შესაბამისად, საქართველოშიც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, როგორი, ამაზე შემდგომში დეტალურად მოგეწოდებათ ინფორმაცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ინფექციურ საავადმყოფოში პარასკევს მოათავსეს ირანის სამი მოქალაქე ერთი ოჯახის წევრები არიან, დედა და ორი შვილი. ისინი საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ და ორ მათგანს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი ირანის ქალაქ ყუმიდან არის, სადაც ახალი კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

აღსანიშნავია, რომ პარასკევს ირანის ხელისუფლებამ კორონავირუსით დაავადების 18 შემთხვევის გამოვლენის შესახებ განაცხადა. შემთხვევები დაფიქსირდა შემდეგ ქალაქებში: ყუმი, არაქი, თეირანი და გილანი. გარდაცვლილთა რიცხვმა ირანში ხუთ კაცს მიაღწია. 

დღეს ქუვეითმა ირანთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დღეისათვის მატერიკულ ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით, COVID 2019–ით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 76 288 შეადგენს. აქედან ამ დროისათვის ავადაა 53 284 ადამიანი, მათ შორის 11 477— მძიმედ. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 20 659 პაციენტი, 2 345 კაცი გარდაიცვალა.

 

 

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (201)

მთავარი თემები