თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებს უნიკალური სამეცნიერო-პოპულარული წიგნის „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია" პრეზენტაციაზე ქართული კულტურა გააცნეს, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ქართული კულტურის შესახებ სამტომეული ანთოლოგიური გამოცემა სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა წარადგინეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავმა", რომელმაც პოლიფონიური კომპოზიციები შეასრულა.
წიგნი "საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია" ინგლისურენოვანი გამოცემაა, რომელიც წარმოადგენს კვლევას ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ნაშრომის მესამე ტომი აერთიანებს 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერების, საგალობლების, საკრავიერი მუსიკისა და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუშს.
წიგნის შექმნის იდეა ამერიკული საგამომცემლო სახლის NOVA SCIENCE პრეზიდენტ ფრენკ კოლუმბუსსა და მის მეუღლეს ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს ეკუთვნით. 2010 წელს მათ საკუთარი იდეის განხორციელება ეთნომუსიკოსსა და ქორმაისტერ ანზორ ერქომაიშვილს შესთავაზეს.
პრეზენტაციაზე ჩხენკელმა საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებს სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს კულტურის ისტორიის შესახებ ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი გამოცემის მნიშვნელობაზე.
„წიგნის გამოცემა შესაძლებელი გახდა ბიძინა ივანიშვილის, საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა" და ამერიკული საგამომცემლო კომპანია Nova Science-ის ერთობლივი მხარდაჭერით. შედეგად ჩვენ მივიღეთ მართლაც უნიკალური წიგნი ქართული კულტურის შესახებ, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო არა მარტო ევროპის ნაწილია, არამედ მან დიდი როლი შეასრულა ევროპული კულტურისა და ღირებულებების შექმნაში", – აღნიშნა ჩხენკელმა.
საქართველოს განათლების მინისტრის სიტყვებით, სიმბოლურია, რომ პირველი ბიბლიოთეკა, რომელშიც ქართული კულტურის შესახებ გამოცემული სამტომეული გაჩნდება, ევროპის საბჭოს ბიბლიოთეკა გახდა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში 27-დან 31 იანვრამდე პერიოდში მიმდინარეობს.