02:22 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1185)
8401

საქართველოს საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს ჩინეთში მყოფ თანამემამულეებთან და საჭიროების შემთხვევაში მათ დასახმარებლად მზადაა.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ქალაქ უჰანში, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების ცენტრია, საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება, იუწყება ტელეკომპანია Imedi ჩინეთში საქართველოს ელჩის არჩილ კალანდიას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ქუთაისის აეროპორტში მგზავრებს კორონავირუსზე ამოწმებენ>>

ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 80-ს მიაღწია, ამ ეტაპზე გამოვლენილია 2744 დაავადებული.

ქართველი დიპლომატის განცხადებით, ამჟამად უჰანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის აუცილებლობა არ არის. საელჩოს მათთან მუდმივი კავშირი აქვს.

„ჩვენი მოქალაქეები გვიკავშირდებიან, მაქსიმალურად ვცდილობთ მათ შესახებ ვფლობდეთ ინფორმაციას. საბედნიეროდ, დღევანდელი მონაცემებით, ყველა მათგანი ჯანმრთელად არის. თვითონ უჰანში ჩვენი თანამემამულეები თავს კარგად გრძნობენ. ჩვენ მათთანაც, ცხადია, მუდმივ კონტაქტზე ვართ. მათ შორის არ არის პანიკა. აუცილებლობა, რომ დღეს მათ დატოვონ ქალაქი, არ არის. თუ ეს აუცილებლობა დადგება, ჩვენ მივიღებთ ზომებს", – განაცხადა კალანდიამ.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიაწოდა ინფორმაცია ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ. ქალაქი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. სპეციალისტებმა დაადგინეს დაავადების მიზეზი – ესაა კორონავირუსი 2019-nCoV.

ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი თანდათან გაიზარდა და ვირუსი უკვე გავრცელდა ჩინეთის საზღვრებს გარეთაც. დაავადების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, აშშ-ში, ტაილანდში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, მალაიზიაში, კანადაში, ავსტრალიაში.

ჩინეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის. ექიმების განცხადებით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელია ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გაციება, ხველება, ყელის ტკივილი, მკერდში შეკუმშვის შეგრძნება. შეინიშნება პნევმონიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და ბრონქიტი. რისკის ჯგუფში არიან დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები, ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1185)

მთავარი თემები